როგორ აღმოჩნდა უცხოელი ინვესტორების ფულით ნაყიდი ვილა ჩხარტიშვილის ხელში

25.07.26 20:51
როგორ აღმოჩნდა უცხოელი ინვესტორების ფულით ნაყიდი ვილა ჩხარტიშვილის ხელში

"შაბათის ეთერის" წყაროს ცნობით, უცხოელი ინვესტორების მიერ ნაყიდი 7 ათასამდე კვადრატული მეტრი მიწა, 2 ათასზე მეტი საცხოვრებელი და 1300 კვადრატული საზაფხულო ფართები, კიდევ 4 ნაგებობასთან ერთად, ვანო ჩხარტიშვილის სარგებლობაშია.

დოკუმენტების თანახმად, მდიდრული სასახლე, ჩინური CEFC-ის საკუთრებაა. ეს ის კომპანიაა, რომელსაც ფოთის ინდუსტრიულ ზონაში 150 მილიონის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, ხალხი დაესაქმებინა და ქვეყნისთვის სარგებელი მოეტანა, თუმცა დღეის მონაცემებით, ევროაზიური ჯგუფი საქართველოდან წასულია, მათ სრულად დატოვეს ფოთის თიზიც, ისინი გაკოტრებულად გამოაცხადა თავად ჩინეთის რესპუბლიკამაც. CEFC-ის​ მფლობელი კი ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულთა სიაში  მოხვდა.

ერთადერთი, რაც ჩინური კორპორაციისგან საქართველოში დარჩა, მთაწმინდის პლატოზე აშენებული ბუნებრივ ქვაში ჩასმული კოშკებიანი სასახლეა, რომელსაც რეალურად ივანიშვილის მთავრობასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ბიზნესმენი განკარგავს. დოკუმენტებით დასტურდება, რომ გერმანული ბრენდის ბოლო მოდელის ავტომობილი, რომელიც "შაბათის ეთერმა" სასახლიდან გამოსვლისას გადაიღო, ჩხარტიშვილის ცოლის, ნანა გოთუას სახელზეა რეგისტრირებული. ამასთან, ფუნიკულიორის ქუჩაზე მცხოვრებლებიც ყოველდღე ხედავენ, რომ ხელისუფლებასთან დაახლოვებული ბიზნესმენი, დაცვის სამსახურის ესკორტით, სწორედ ამ მისამართიდან გადაადგილდება.

"შაბათის ეთერი" შეეცადა დაედგინა, რის საფუძველზე მიიღო ვანო ჩარტიშვილმა უცხოელი ინვესტორების კუთვნილი უძრავი  ქონება, თუმცა ბიზნესმენმა "ტვ პირველის" კითხვებს არ უპასუხა. 

ჩხარტიშვილთან შესახვედრად ჟურნალისტი მივიდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც, სადაც 8 ივლისს, 15 საათსა და 50 წუთზე, მოსკოვიდან ჩამოფრენილ ბოინგში სწორედ ვანო ჩხარტიშვილი იჯდა. საბოლოოდ, ვანო ჩხარტიშვილმა აეროპორტი სრულიად სხვა გასასვლელიდან დატოვა.

  • "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ქართულ ოცნებასთან მჭიდრო კავშირში ჩხარტიშვილი საქართველოში რუსული ბანკის გახსნისთვის ემზადება და მოსკოვში სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა, თუმცა ჟურნალისტი ინფორმაციის გადამოწმებას ჩხარტიშვილთან ვერ ახერხებს, ის მოსკოვში ვიზიტის შესახებ გაგზავნილ კითხვასაც უპასუხოდ ტოვებს.

რაც შეეხება მთაწმინდაზე აშენებულ სასახლეს, იჯარის ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც 2020 წლის 18 სექტემბერს არის გაფორმებული, მეიჯარე ჩინური კომპანიის იმჟამინდელი დირექტორი რატი ღვამბერიაა, მოიჯარე კი "რეალ ისტეიტ დეველოპმენტ გრუპი" 20 წლიანი იჯარის განმავლობაში, ყოველთვიურად განსაზღვრული თანხის მიზერული ოდენობაც აჩენს ეჭვს, რომ ეს სტანდარტული კონტრაქტი არ არის, თუმცა აქ მთავარი მაინც სხვა რამეა. ჩინური კომპანიის დირექტორი, რომელიც უძრავ ქონებას იჯარით გასცემს, ვანო ჩხარტიშვილის მარჯვენა ხელია და მოიჯარე კომპანიაც ჩხარტიშვილის სანდო კაცზეა გაფორმებული. 

"ჩინელ პარტნიორებს, რომლებსაც ფოთის ინდუსტრიული ზონის შესაძენად მილიონები ჰქონდათ გადახდილი, ჩხარტიშვილმა ბიზნესი, ქართული სასამართლოს დახმარებით 6 წლის წინ წაართვა" - ასე შეფასეს კორუფციის მკვლევარებმა გადაწყვეტილება, რომელიც  2020 წლის 7 სექტემბერს, ვანო ჩხარტიშვილის შეტანილ საჩივარზე გამოცხადდა. ჩხარტიშვილი მაშინ ჩიოდა, რომ მისი კომპანიის ჩინელი თანადირექტორი, ჟინავეი ფანი, კომპანიის მართვას თავს არიდებდა და დოკუმენტებს ხელს არ აწერდა.

ჩხარტიშვილის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მოსამართლეს ერთ დღე დასჭირდა. მეორე დღესვე,  ზაალ მარუაშვილის გადაწყვეტილებით, ჩინელი დირექტორი კომპანიის მართვას ჩამოაცილეს, ფოთის ინდუსტრიული ზონის ერთპიროვნული მმართველად კი ჩხარტიშვილის მარჯვენა ხელი რატი ღვამბერია დანიშნეს.სწორედ ამ გადაწყვეტილებიდან 10 დღეშია გაფორმებული ოქროყანის სასახლის იჯარით გაცემის ხელშეკრულებაც. ანუ ჩხარტიშვილს ქონება იჯარით არა ქონების მფლობელმა ჩინელებმა, არამედ მისივე მარჯვენა ხელმა მისცა.

მაკა ჩიხლაძის სპეციალური რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები