პაპუაშვილი ხუმრობის გამო იუმორისტის ცემას გამოეხმაურა, ახსენა რასა იუკნევიჩიანე

25.07.26 17:27
პაპუაშვილი ხუმრობის გამო იუმორისტის ცემას გამოეხმაურა, ახსენა რასა იუკნევიჩიანე

"ეს არის მათი მიზანი, რომ რასა იუკნევიჩიანე იყოს ავტორიტეტი და მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი და არა ნოდარ დუმბაძის" - ასე გამოეხმაურა  შალვა პაპუაშვილი იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. 

"ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ მიმდინარეობს "ანტიქართული კამპანია", რომლის მიზანი  ავტორიტეტების გაქრობაა. 

მეორე მიმართულებაა, როდესაც ცდილობენ ავტორიტეტების შებღალვას. მიზანი არის ასეთი და პერიოდულად ასეთ კამპანიებს ვხედავთ, ხან ერეკლე მეფეზე იყო თავდასხმები და მის მემკვიდრებაზე, ახლა რატომღაც ნოდარ დუბაძე ამოიღეს სამიზნედ. ზუსტად ჩვენს საამაყო ადამიანებს ესხმიან თავს, ვინც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ერის შეკავშირებისთვის, იდენტობის განსაზღვრისთვის, ღირებულებების ჩამოყალიბებისთვის და ზუსტად ირჩევენ სამიზნეს და ეს არ არის შემთხვევითი. აქაც უნდა დავინახოთ ის მიზანი, რომ მოარღვიონ ყოველგვარი კულტურული ხერხემალი, რომელიც საზოგადოებას აქვს, აღარ უნდა იყვნენ ავტორიტეტები, ავტორიტეტი უნდა იყოს რასა იუკნევიჩიანე. ეს არის მათი მიზანი, რომ რასა იუკნევიჩიანე იყოს ავტორიტეტი და მისი სიტყვა იყოს დასაჯერებელი და მისი ღირებულებები იყოს ქართველი ხალხის ღირებულებები და არა ნოდარ დუმბაძის, სხვა კლასიკოსების და საამაყო წინაპრის. ეს არის მიზანმიმართული ანტიქართული კამპანია, რომლის მიზანი არის ავტორიტეტების გაქრობა და როდესაც ავტორიტეტი აღარ ჰყავს საზოგადოებას, აღარ ჰყავს მისაბაძი მაგალითები, როდესაც მორღვეული აქვს ფუნდამენტი, შემდეგ რასა იუკნევიჩიანეს დონის ადამიანი წარმოჩინდება როგორც მთავარ ავტორიტეტად და მას უნდა გაჰყვეს საზოგადოება. ეს არის ჩანაფიქრი და ამას უნდა აღვუდგეთ წინ“.- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი, ნიკო ხურცილავა სასამართლო დარბაზიდან 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს - "ტვ პირველის" კორესპოდენტის თქმით, ხურცილავას  საგულშემატკივროდ სასამართლოში "ოცნების" პარტაქტივი, მხარდამჭერები, მათ შორის გია გაჩეჩილაძეც იყო მისული. მათ ნიკა ხურცილავა სასამართლო დარბაზიდან ტაშით გააცილეს. 

ცნობისთვის, 23 ივლისის ღამეს ონისე ოქრიაშვილს სახლთან დახვდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. კომიკოსზე თავდასხმის კადრებში, რომელიც ადგილზე თვითმხილველებმა გადაიღეს, ისმის, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი კომიკოსს ეუბნება: "ნოდარ დუმბაძეს აგინე... ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები, შე **ეო". 

რამდენიმე დღის წინ, ონისე ოქრიაშვილმა პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ისაუბრა, რაც ცალკეული ჯგუფების მხრიდან შეურაცხყოფად შეფასდა. ფაქტს ონისე ოქრიაშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას "აშავებენ", კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.

 

მსგავსი სიახლეები