პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბის საქმეზე დაკავებულებს: ჩემი მოწოდებაა მიიღოთ საპროცესო შეთანხმება
ოპერის მომღერალი, პატიმრობაში მყოფი პაატა ბურჭულაძე მიმართვას ავრცელებს და მოუწოდებს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს, მიიღონ პროკურატურის მიერ შეთავაზებული საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდნენ „უკანონო პატიმრობიდან“.
მისი თქმით, საპატიმროებიდან გათავისუფლების შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული, რაშიც არც დამამცირებელი და არც ღირსების შემლახავი არაფერია.
"რაც შემეხება მე, როგორც ამ პროტესტის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს"- წერს მომღერალი.
წერილში დაკავებული მომღერალი აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილს მიმართავს, რომელმაც ბურჭულაძის თქმით, 4 ოქტომბერს გაზის სპრეის მძიმე შედეგებისგან გადაარჩინა. "ვთხოვ, მაგალითი მისცეს ყველას და გადადგას ეს ნაბიჯი. მისი ჯანმრთელობა და გარეთ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია"- აღნიშნულია გზავნილში.
"4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ ჩემი დიდი თხოვნა და მოწოდებაა ყველამ მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და განთავისუფლდეთ უკანონო პატიმრობიდან.
ამის შესახებ სასამართლოზეც განვაცხადე და ახლა პირადად მოგმართავთ ყველას!
თითქმის ათთვიანი უკანონო პატიმრობით ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი ერთობა და შეუპოვრობა. ეს უკვე ისტორიის ნაწილია და მომავალში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდება. დღეს კი ბრძოლის გასაგრძელებლად მნიშვნელოვანია გარეთ ყოფნა, საპატიმროებიდან ადამიანების გათავისუფლება. ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ. ამაში არც დამამცირებელი და არც ღირსების შემლახველი არაფერია. მსგავსი პრაქტიკა არაერთხელ ყოფილა გამოყენებული პოლიტიკური პატიმრების მიერ.
განსაკუთრებით მივმართავ აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილს, რომელმაც 4 ოქტომბერს გაზის სპრეის მძიმე შედეგებისგან გადამარჩინა. როგორც პატივსაცემ და უხუცეს პატიმარს, ვთხოვ, მაგალითი მისცეს ყველას და გადადგას ეს ნაბიჯი. მისი ჯანმრთელობა და გარეთ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შემეხება მე, როგორც ამ პროტესტის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს.
გამარჯვება გარდაუვალია. ბრძოლა ბოლომდე!“, - წერს ბურჭულაძე.