სად დაასაქმეს "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნები?
როგორ იღებენ მაღალ თანამდებობებს "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულ სამშენებლო კომპანიებში ყოფილი ჩინოვნიკები? აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი შეფი გრიგოლ ბესელია, რომელიც ოფიციალური დოკუმენტებით უსახლკაროა, ტაბახმელაში, დედის სახელზე გაფორმებული ორსართულიანი თეთრი სახლის ბინადარია. შინაგან საქმეთა სამინისტროში 20 წლიანი მუშაობის შემდეგ, ბესელიამ თანამდებობა მოულოდნელად დატოვა, თუმცა "შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ ბესელიამ პოსტი კერძო სამშენებლო ბიზნესში მიიღო.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ექს-მაღალჩინოსანს სამშენებლო კომპანია m2-ის უსაფრთხოების სამსახური ჩააბარეს. სამშენებლო გიგანტი 2026 წლის ივნისს კახი კალაძეს ახლო გარემოცვის წევრად მიჩნეულმა ბიზნესმენმა, ლაშა კაჭარავამ იყიდა.
- გრიგოლ ბესელია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას 4 წელი იკავებდა. ის ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სასამართლო პროცესზე საქართველოს პროკურატურის ერთ ერთი მოწმე იყო. ბესელია ჯერ ბათუმიდან თბილისში გადმოიყვანეს, შემდეგ მოულოდნელად პოსტიდან 2025 წლის 4 აპრილს გადააყენეს.
ლაშა კვაჭაძის კომპანიაში დაასაქმეს ოზურგეთის ყოფილი მერი. ავთანდილ თალაკვაძეც - თანამდებობიდან გაშვების შემდეგ, დეველოპერი გახდა.
- ავთანდილ თალაკვაძე, რომელიც ახლა ლაშა კვაჭაძის საინვესტიციო კომპანიებს მართავს და ალექსიძის ქუჩის პირველ ნომერში კვაჭაძესთან ერთად ცათამბჯენის აშენებას გეგმავს, ოზურგეთის მერის თანამდებობას 2025 წლის ოქტომბრამდე იკავებდა.
პარლამენტის თავმჯდომარეობიდან სამშენებლო ბიზნესში გადაინაცვლა არჩილ თალაკვაძემაც. ერთ დროს ქვეყნის მეორე პირს ახლა კორპუსების აშენება აქვს ჩაბარებული. კომპანია "არქიში" თალაკვაძე ამ პოსტზე "ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა ივლიანე წულაიამ დანიშნა, რომელიც სამშენებლო კომპანიის მფლობელია. ის მეცხრე მოწვევის პარლამენტში კახა კალაძის კვოტით მოხვდა.
საკუთარი სამშენებლო ბიზნესი დაიწყო ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა - ირაკლი ქარსელაძემ თანამდებობიდან გაშვებიდან ერთ თვეში კომპანია "კავკასუს პრაიმ ბილდერსი" დააფუძნა, ხელმძღვანელ პირებად კი თავისი ყოფილი მოადგილეები დანიშნა. მოგვიანებით ეს ხალხი კორუფციის ბრალდებით დააკავეს, ქარსელაძის სახლში კი ჩხრეკა ჩატარდა.