ვინ დათანხმდება და ვინ არა პაატა ბურჭულაძის ინიციატივას? - რას ამბობენ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების ოჯახის წევრები

26.07.26 13:58
ვინ დათანხმდება და ვინ არა პაატა ბურჭულაძის ინიციატივას?  - რას ამბობენ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების ოჯახის წევრები

ოპერის მომღერლის, პატიმრობაში მყოფი პაატა ბურჭულაძის მოწოდებას, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებმა საპროცესო შეთანხმება მიიღონ და პატიმრობა დატოვონ, ოჯახის წევრები ეხმაურებიან. აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის შვილი აცხადებს, რომ მამის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს სცემენ, თუმცა ხაზს უსვამს, რომ 72 წლის მეცნიერისთვის ხუთწლიანი პატიმრობა ფაქტობრივად სასიცოცხლო განაჩენია. 

თქვენ იცით, რომ სანამ ის აღმოჩნდებოდა ციხეში, ის ამბობდა, რომ არანაირ სპროცესოზე ხელს არ მოაწერდა. რამდენიმე დღის წინ აკადემიამაც გააკეთა განცხადება, იმ აკადემიის ჯგუფის წევრებმა, რომელიც აკადემიის პრეზიდენტიც არის მამაჩემი და ერთხმად მოუწოდეს, რომ იქნებ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას. ექიმთა ჯგუფიც აქტიურად ცდილობდა, რომ მსგავსი მესიჯი მიეწოდებინა და როგორც ჩანს, ბევრი ადამიანია ამ აზრზე, რომ იქნებ როგორმე მამაჩემის მიერ გადაიხედოს ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ალბათ ბევრი ადამიანი იაზრებს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, 72 წლის ადამიანისთვის 5 წლით ციხის მისჯა, ფაქტობრივად, არის სასიცოცხლო განაჩენი. აქედანაც მინდა ვუთხრა, რომ თვითონ როგორ გადაწყვეტილებასაც მიიღებს, მისი ოჯახის წევრები, მისი მეგობრები, კოლეგები, თანამებრძოლები და ნებისმიერი ადამიანი, ვისთანაც მე შეხება მქონია, გაიზიარებს მის აზრს და ასი პროცენტით მის გვერდში იქნება. 

რაც შეეხება ბატონი პაატას წერილს, ჩემი აზრით, ამ წერილსა ეტყობოდა, რომ ძალიან ბევრი იფიქრა, სანამ ამ წერილს გამოაქვეყნებდა და აქცენტებიც ზუსტად ისე გააკეთა, რომ კონკრეტული ადამიანების მიმართ მიულიყო გარკვეული მესიჯები, - ამბობს დავით ჩახუნაშვილი. 

"პირველები" კონსტანტინე კოკაიას შვილსაც ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მამამისი ამ თემას არც კი განიხილავს და პრინციპულ უარს ამბობს არჩადენილი დანაშაულის აღიარებაზე.  

პრინციპულად უარს ამბობს საპროცესო შეთანხმებაზე, რადგან მას არ უღირს გარეთ ყოფნა იმ დანაშაულის აღიარების ფასად, რაც არ ჩაუდენია. საპროცესოზე დათანხმების შემთხვევაშიც მამაჩემის ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ და მის გვერდით ვდგავართ მთელი ოჯახი. იმდენად შემართებით და მხნედ არის, რომ ჯანმრთელობაზე ორიენტირებული აღარც არის და არც გვესაუბრება ჯანმრთელობის პრობლემებზე. მქონდა მე ერთხელ მცდელობა, რომ გადავაფიქრებინო, რადგან დაუმძიმდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და ძალიან პრინციპული უარი მივიღე მისგან, ამიტომ უკვე ვცდილობ აღარ ვუთხრა და აღარ ავწიო ეს თემა და აღარც განვიხილავ, - ამბობს კონსტანტინე კოკაიას შვილი, ნინო კოკაია.

ოპერის მომღერალი, პატიმრობაში მყოფი პაატა ბურჭულაძე მიმართვას ავრცელებს და მოუწოდებს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს, მიიღონ პროკურატურის მიერ შეთავაზებული საპროცესო შეთანხმება და გათავისუფლდნენ „უკანონო პატიმრობიდან“.

მისი თქმით, საპატიმროებიდან გათავისუფლების შესაძლებლობა უნდა იქნას გამოყენებული, რაშიც არც დამამცირებელი და არც ღირსების შემლახავი არაფერია.

წერილში დაკავებული მომღერალი აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილს მიმართავს, რომელმაც ბურჭულაძის თქმით, 4 ოქტომბერს გაზის სპრეის მძიმე შედეგებისგან გადაარჩინა. "ვთხოვ, მაგალითი მისცეს ყველას და გადადგას ეს ნაბიჯი. მისი ჯანმრთელობა და გარეთ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია"- აღნიშნულია გზავნილში. 

 

მსგავსი სიახლეები