„ინტერ რაო“ სანქცირებულია – რა რისკებზე საუბრობს ოპოზიცია?

26.07.26 15:21
„ინტერ რაო“ სანქცირებულია – რა რისკებზე საუბრობს ოპოზიცია?

ოპოზიციის შეფასებით, ევროკავშირის მიერ რუსული ენერგოკომპანია „ინტერ რაოს“ სანქცირება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბრიუსელი რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენების შესუსტებას თანმიმდევრულად აგრძელებს. "ოცნების" ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი გზავნილია და კიდევ ერთხელ აჩენს კითხვას, რამდენად უსაფრთხოა ქვეყნის ენერგოსისტემის რუსულ კომპანიებზე დამოკიდებულება.

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ ევროკავშირის ეს ნაბიჯი რუსეთის გავლენის შემცირების პოლიტიკის გაგრძელებაა და საქართველოს ენერგეტიკული დივერსიფიკაციის აუცილებლობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.

ეს მომენტი გვაჩვენებს ძალიან კარგად, რომ ევროპული კავშირი არის ჩამოყალიბებული და მოწადინებული, რომ რუსული პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენები იქნას მაქსიმალურად დასუსტებული მთელი რეგიონის და მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს პოლიტიკა არ შეცვლილა, არ დასუსტებულა, არამედ გრძელდება უფრო მეტად. ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გვაფიქრებს კიდევ ერთხელ ენერგეტიკული დივერსიფიკაციის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე, რაც საქართველოს არ უქნია ამ წლების განმავლობაში, ეს არ ყოფილა "ქართული ოცნების" პოლიტიკის ნაწილი და ეს არის ძალიან მძიმე პრობლემა ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, - ამბობს გრიგოლ გეგელია. 

განსხვავებულ აქცენტს აკეთებს "დროას" წევრი გიგა ლემონჯავა. მისი შეფასებით, არსებული ხელისუფლების პირობებში რუსული კომპანიების გავლენის შემცირების მოლოდინი არ არსებობს. 

გამოსავალი ივანიშვილის რეჟმის პირობებშ არ არსებობს, იმიტომ, რომ ივანიშვილი არის რუსეთის ინტერესების გამტარი საქართველოში, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია, რაც უფრო მეტი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი იქნება რუსული კომპანიების მფლობელობაში. ის საერთოდ არ ფიქრობს საქართველოს მოქალაქეების ბედზე, ის ფიქრობს რუსეთის ინტერესების მსახურებაზე და ბევრი ფულის მოპარვაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის, - ამბობს გიგა ლემონჯავა. 

"თავისუფლების მოედნის" წარმომადგენელი გიორგი შაიშმელაშვილი კი მიიჩნევს, რომ ეროვნული ხელისუფლების პირობებში სანქციები საქართველოსთვის შესაძლებლობად შეიძლებოდა ქცეულიყო, მათ შორის, რუსულ კომპანიებთან დაკავშირებული საკითხების გადახედვისთვის. 

რომ არ გვყავდეს ჩვენ ახლა პრორუსულად განწყობილი მთავრობა, მისთვის ეს იქნებოდა შანსი, თავი აერიდებინა არბიტრაჟისთვის, რომელსაც ჩვენ მოქალაქეები ჩვენი ჯიბიდან ვიხდით და თელმიკოშიც დაინიშნა სპეციალური მმართველი და მეტიც, ალბათ დღის წესრიგში დადგებოდა, ეროვნული მთავრობის შემთხვევაში, ამ კომპანიების ნაციონალიზაციის საკითხი. რატომაც არა? რეალურად, ისინი წარმოადგენენ მტრულ სახელმწიფოს, რომელიც დასანქცირებულია ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, - ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი. 

ევროკავშირმა რუსულ ენერგოკომპანია „ინტერ რაოს“ სანქციები დაუწესა. სანქციების მიზანი რუსეთის სამხედრო აგრესიის დაფინანსებისთვის გამოყენებული ფინანსური და ენერგეტიკული რესურსების შეზღუდვაა.

ექსპერტების შეფასებით, გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს საქართველოზეც, რადგან „ინტერ რაო“ არაპირდაპირ ფლობს „თელასის“, „თელმიკოს“ და „ხრამი ჰესების“ წილებს. მათი თქმით, ეს ქართულ ენერგოკომპანიებს ევროპულ ბანკებთან ანგარიშსწორებასა და საერთაშორისო ფინანსურ ოპერაციებს გაურთულებს.

 

მსგავსი სიახლეები