წილოსანი: სურვილი არ მაქვს, რომ ყველამ ყველაფერი „გავატაროთ“

27.07.26 15:44
წილოსანი: სურვილი არ მაქვს, რომ ყველამ ყველაფერი „გავატაროთ“

"ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი MMA-ს მებრძოლის განცხადებას ეხმაურება. პარლამენტის წევრი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ძალადობას ემიჯნება, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ "ვიღაც თუ ჩვენი მორალური სოციალური სტანდარტების დარღვევას გადაწყვეტს, არც უნდა გაუკვირდეს, რომ ამას მყისიერი რეაგირება მოჰყვება".

"ყველას მოვუწოდებ, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება არ გახდეს ფორმა, რომლითაც დამნაშავე ადამიანებს გაუსწორდებიან, მაგრამ არც იმის სურვილი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ყველამ „გავატაროთ“"- აცხადებს ის. 

წილოსანი ამბობს, რომ ყველამ უნდა გააკონტროლოს თავი, რათა ადამიანის ღირსებას არ შეეხონ.

ამ მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი, რომ ადამიანის ღირსებას არ შეეხონ. არის ის ნორმა და მორალური სტანდარტი, რომელსაც ქართული საზოგადოება საუკუნეებია შევთანხმდით. ვიღაც თუ ამ შეთანხმების და ჩვენი მორალური სოციალური სტანდარტების დარღვევას გადაწყვეტს, არც უნდა გაუკვირდეს, რომ მყისიერი რეაგირება მოყვება, თუმცა კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება არ უნდა იყოს ფორმა. რა თქმა უნდა, მე ვერავისზე ვიქნები პასუხისმგებელი, თუმცა ჩემი მხრიდან ყველას მოვუწოდებ, რომ ფიზიკური ანგარიშსწორება არ გახდეს ფორმა, რომლითაც თუნდაც დამნაშავე ადამიანებს გაუსწორდებიან, მაგრამ არც იმის სურვილი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ყველამ „გავატაროთ“,“ - განაცხადა წილოსანმა.

MMA-ს მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა,  რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, [მათი ვინაობა არ დაუსახელებია] ახალი მოძრაობა დააფუძნა.  ამის შესახებ მან საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მებრძოლი აანონსებს, რომ ტრადიციების, ღირებულებებისა და რელიგიის დაცვის საბაბით, ციხეში ჩაჯდომასაც არ მოერიდება.  

ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში გამართულ ბრიფინგის შემდეგ "პირველები" ასევე დაინტერესდა რა იცის მებრძოლმა საქართველოს ისტორიიდან, თუმცა MMA-ს მებრძოლმა  ამბროსი ხელაიაზე, კრწანისის და შამქორის ბრძოლებზე დასმულ კითხვებს არ უპასუხა.