"ლელოში" MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე რეაგირება მოითხოვეს

27.07.26 15:55
"ლელოში"  MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე რეაგირება მოითხოვეს

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი ლანა გალდავა MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის მიერ ახალი მოძრაობის დაფუძნებას გამოეხმაურა და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდა. 

"შესაბამისმა უწყებებმა სასწრაფო უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და აღკვეთონ ასეთი ფორმირების, ანტიკონსტიტუციური, ე.წ. მორალის პოლიციის შექმნის მცდელობა და თუ ასეთი რამ არ მოხდა, სახელმწიფო იქნება იმ ძალიან ცუდი პროცესების თანამონაწილე, რაც შეიძლება ამ გადაწყვეტილებას მოჰყვეს", - თქვა პოლიტიკოსმა.

„საქმე გვაქვს ძალადობრივი ჯგუფების შექმნის წახალისებასთან, რასაც აუცილებლად მოჰყვება ასევე სამოქალაქო დაპირისპირების წახალისება. პირველ რიგში, შესაბამისმა უწყებებმა სასწრაფო უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და აღკვეთონ ასეთი ფორმირების, ანტიკონსტიტუციური, ე.წ. მორალის პოლიციის შექმნის მცდელობა და თუ ასეთი რამ არ მოხდა სახელმწიფო გამოვა იმ ძალიან ცუდი პროცესების თანამონაწილე, რაც შეიძლება ამ გადაწყვეტილებას მოჰყვეს. ეს იქნება ძალადობა თავისუფალ აზრზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებაზე და რა თქმა უნდა, ეს კვლავ დაგვაბრუნებს იმ ძველ და შავ-ბნელ 90-იან წლებში, როდესაც ამ ქვეყანაში იყო ქაოსი, დაპირისპირება და განუკითხავი კრიმინალი“, - განაცხადა ლანა გალდავამ.

MMA-ს მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა,  რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, [მათი ვინაობა არ დაუსახელებია] ახალი მოძრაობა დააფუძნა.  ამის შესახებ მან საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მებრძოლი აანონსებს, რომ ტრადიციების, ღირებულებებისა და რელიგიის დაცვის საბაბით, ციხეში ჩაჯდომასაც არ მოერიდება.  

ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში გამართულ ბრიფინგის შემდეგ "პირველები" ასევე დაინტერესდა რა იცის მებრძოლმა საქართველოს ისტორიიდან, თუმცა MMA-ს მებრძოლმა  ამბროსი ხელაიაზე, კრწანისის და შამქორის ბრძოლებზე დასმულ კითხვებს არ უპასუხა.