შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების გამო - აშშ-ის საელჩო
საქართველოში შეერთებული შტატების საელჩო შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ახლადდაარსებული „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო - რადიო თავისუფლების ცნობით, კომენტარი დიპლომატიურმა უწყებამ მათი კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
საელჩო ხაზს უსვამს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია და აშშ სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევენ ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და „მტკიცედ ეწინააღმდეგებიან ცენზურას“.
რადიო თავისუფლება წერს, რომ აშშ-ის საელჩოს შეკითხვით 22 ივლისს, - მას შემდეგ მიმართეს, რაც სამართალდამცავებმა სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების, პარლამენტის სპიკერი შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატი ლადო ბოჟაძისადმი შეურაცხმყოფელი ფეისბუკ-პოსტის გამო 15-დღიანი დააპატიმრეს.
„ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევს ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად“, - წერილობით განუცხადა აშშ-ის საელჩოს სპიკერმა რადიო თავისუფლებას 28 ივლისს.
„როგორც ეს ქართველ პარტნიორებსაც გავუზიარეთ, სტაბილურობა მოითხოვს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან მოქალაქეების სახელით თანამშრომლობს - იმ მოქალაქეებისა, რომლებმაც მათ ხმა მისცეს. პოლიტიკური სტაბილურობა, რომელიც შეხედულებების ფართო წარმომადგენლობით არის უზრუნველყოფილი, წარმოადგენს იმ ფაქტორების ნაწილს, რაც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისთვის და გრძელვადიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის სანდო პარტნიორად აქცევს“, - ციტირებს საელჩოს რადიო თავისუფლება.
„ჩვენ შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების გამო. სიცრუესა და მცდარ შეხედულებებზე საუკეთესო პასუხი მეტი სიტყვის თავისუფლებაა და არა იძულებით დამყარებული დუმილი“, - განაცხადეს საელჩოში.