ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი ნაურუს გადაწყვეტილებას „დიპლომატიური ურთიერთობის“ გაწყვეტაზე ზეწოლად აფასებენ
ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი, ნაურუს მიერ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ეხმაურება.
“ეს იყო აგრესიული გარე ზეწოლის კამპანია საქართველოსგან და დასავლეთისგან”- ნათქვამია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
- ამ განცხადების გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლითაც მიესალმა ნაურუს ამ გადაწყვეტილებას და გამოთქვა მზადყოფნა, დაამყაროს ნაურუს რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები.
ე.წ. სამინისტროს განცხადებით, 2009 წლის 15 დეკემბერს ნაურუს მხრიდან „აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარების“ შემდეგ მათ შორის ორმხრივი ურთიერთობები მუდმივად ვითარდებოდა, რასაც საქართველო და მისი დასავლელი პარტნიორები ეწინააღმდეგებოდნენ.
“აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებით ახდენს აფხაზეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე ნაურუს რესპუბლიკის იძულებითი ხასიათის გადაწყვეტილების კონსტატაციას, რომელიც უპრეცედენტო და სისტემატური საგარეო ზეწოლის ფონზე იქნა მიღებული…
აფხაზეთის რესპუბლიკისა და ნაურუს რესპუბლიკის თანამშრომლობის განვითარება მუდმივად აწყდებოდა საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების მხრიდან წინააღმდეგობას. მას შემდეგ რაც ინიციატივებმა პრაქტიკულ სივრცეში დაიწყეს გადასვლა ნაურუს რესპუბლიკის წინააღმდეგ აგრესიული საგარეო ზეწოლის კამპანია გაჩაღდა. ამოქმედებულ იქნა დახრჩობისა და იძულების დაუშვებელი მეთოდების მთელი არსენალი - უპრეცედენტო პოლიტიკური შანტაჟითა და უხეში დიპლომატიური ზეწოლით დაწყებული, ღია ფინანსურ-ეკონომიკური რეპრესიებითა და სადამსჯელო სასანქციო ზომებით დამთავრებული, რომლებიც მიმართული იყო ნაურუს რესპუბლიკის სუვერენული გადაწყვეტილების გადახედვისკენ”, - ნათქვამია ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “საგარეო უწყების” განცხადებაში.