არ იციან, რა უყონ მდინარაძეს - "ოცნების" ყოფილმა ლიდერმა სამთავრობო ცვლილებებს "უნიჭო კარუსელი" უწოდა
უნიოჭო კარუსელი - ასე აფასებს "ქართული ოცნების" ყოფილი ლიდერი, "მართლმსაჯულების სახლის" ხელმძღვანელი, ეკა ბესელია მამუკა მდინარაძისთვის ახალი სამინისტროს შექმნას.
მისი თქმით, გადაწყვეტილებები, რომელიც ბოლო პერიოდში ცხადდება, "ქართულ ოცნებაში" არსებულ ქაოტურობას და უსისტემობაზე მეტყველებს.
ბესელიას შეფასებით, "მამუკა მდინარაძეზე ბიძინა ივანიშვილს ნეგატიური წარმოდგენები დიდი ხანია აქვს, თუმცა მდინარაძეს ირაკლი კობახიძე მფარველობს".
მან [ბიძინა ივანიშვილმა] თქვა, რომ მდინარაძე მნიშვნელოვანი პოზიციიდან უნდა წავიდეს, ახლა უბრალოდ, მას კობახიძე მფარველობს, იმიტომ, რომ სჭირდება"- განაცხადა ეკა ბესელიამ "პირველებთან".
ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს.
ამასთან, სექტემბრიდან გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო, რომელიც 2025 წლის აპრილში გამოეყო ინფრასტრუქტურის სამინისტროს. სამთავრობო სტრუქტურაში ცვლილების გატარებამდე, მოქმედი მინისტრი კახა გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გახდება, მამუკა მდინარაძე კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებს;
"ქართული ოცბნების" გადაწყვეტილებით, უქმდება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და რომელსაც ამ დრომდე სუს-იდან გადმოყვანილი მამუკა მდინარაძე ხელმძღვანელობდა.
ამ დროისთვის ოფიციალურად გავრცელებული ცნობით, მამუკა მდინარაძე კვლავ იქნება ვიცე-პრემიერი.