მოვუწოდებ პარლამენტს, შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა! - სახალხო დამცველი

25.11.21 13:46
მოვუწოდებ პარლამენტს, შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა! - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს. 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს 4 კანდიდატი წარუდგინა გასული წლის ოქტომბერსა და ნოემბერში დაწყებული შერჩევის ორი კონკურსის ფარგლებში. მათ საფუძველზე გამოვლენილი სერიოზული ხარვეზები, მათ შორის პროცესის სამართლიანობისა და კანდიდატებს შორის თანასწორობის მიმართულებით,  დაწვრილებით არის აღწერილი ეუთო/ოდირის მესამე ანგარიშში.

სამწუხაროდ წლიდან წლამდე მცირდება იმ განმცხადებლების რაოდენობა, რომლებიც გამოთქვამენ ინტერესს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად, რაც შერჩევის პროცედურის მიმართ უნდობლობას აჩვენებს. 9 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში განცხადება მხოლოდ 51-მა კანდიდატმა წარადგინა, საიდანაც 17-მა თავისი კანდიდატურა მოხსნა, 3 კანდიდატი კი საბჭოს გადაწყვეტილებით გამოეთიშა კონკურსს. 1 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში რეგისტრირებული ჯამში 18 კანდიდატიდან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხოლოდ 5 მათგანის შეფასება შეძლო, ვინაიდან დანარჩენებმა საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს. ასევე აღსანიშნავია, რომ ორივე კონკურსის ჯამში დამატებითი განცხადება მხოლოდ 3-მა კანდიდატმა წარადგინა, რაც ხაზს უსვამს აღნიშნული მექანიზმის არაეფექტიანობასა და ხარვეზულობას.  
განსაკუთრებულად გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ მეორე კონკურსში კანდიდატებთან გასაუბრებასა და მათ შეფასებაში მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხოლოდ 10 წევრი - 9 მოსამართლე წევრი და  პრეზიდენტის მიერ დანიშნული 1 წევრი, ვინაიდან ამ დროისათვის პარლამენტის მიერ არჩეულ 5-ვე არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა ამოწურული ჰქონდა, ხოლო მათ ნაცვლად ახალი წევრები პარლამენტს ამ დრომდე არ აურჩევია"- წერს სახალხო დამცველი"- წერია განცხადებაში. 

ნინო ლომჯარია საქართველოს პარლამენტის მიერ  2019 წლის 12 დეკემბერს  უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის მიერ უვადდ არჩევას, 2021 წლის 12 ივლისს კი დამატებით 6 მოსამართლის განმწესებასაც ეხმაურება და მას პრობლემურს უწოდებს:  

ამ გადაწყვეტილებებმა, რომლებიც სამართლებრივი თვალსაზრისით საკმაოდ პრობლემური იყო, დიდი დარტყმა მიაყენა მართლმსაჯულების სისტემას საქართველოში. სახალხო დამცველი მიმდინარე წელსაც გამოეხმაურა აღნიშნულ საკითხს და კიდევ ერთხელ წარმოადგინა სამართლებრივი მიზეზები, რის გამოც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის მთელი ეს პროცესი პრობლემური იყო. აღნიშნული არგუმენტები დღესაც ძალაშია. კერძოდ, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმირება, მანამდე კი, უზენაეს სასამართლოში ახალი მოსამართლეების არჩევა მხოლოდ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერებისაკენ მიმართული ნაბიჯია. აღსანიშნავია, რომ ეუთო/ოდირის მიერ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე გამოცემულ მეოთხე ანგარიშშიც, სადაც აღწერილია მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილი სერიოზული პრობლემები, პირველივე უმთავრეს რეკომენდაციად სწორედ უზენაეს სასამართლოში დარჩენილ ვაკანტურ ადგილებზე კანდიდატების შერჩევის პროცესის დაუყოვნებლივ შეწყვეტაა მითითებული, ფუნდამენტური სასამართლო რეფორმების განხორცილებამდე. ძირეული რეფორმირების საჭიროებაზე და ახალი მოსამართლეების არჩევის შეჩერებაზე მითითებულია ასევე  საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ მომზადებულ 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმებაში - „სამომავლო გზა საქართველოსათვის.“ 
კვლავინდებურად მივმართავთ საქართველოს პარლამენტს და მოვუწოდებთ შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევის მიმდინარე პროცესი და დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეულ რეფორმაზე მუშაობა, რაც გადამწყვეტია ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფისათვის" - წერს ლომჯარია.