ცნობილია, როდის გამართავს "ნაციონალური მოძრაობა" ყრილობას

30.07.26 17:05
ცნობილია, როდის გამართავს "ნაციონალური მოძრაობა" ყრილობას

5 აგვისტო, 15:00 საათი - ეს არის თარიღი, როცა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყრილობას გამართავს. განცხადება მედიასთან ენმ-ის ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდგ გააკეთა. 

ყრილობაზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. 

დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დაინიშნა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც ყრილობას მოამზადებს, ჯგუფი შვიდი პირით განისაზღვრა.

„ეს არ იქნება გრანდიოზული ყრილობა, მორიგი ტექნიკური ყრილობაა. დელეგატების რაოდენობა დაახლოებით 250-დან 300 - კაცამდე განისაზღვრა. ამ დელეგატების მოწვევის წესიც დადგინდა და განისაზღვრა. დედაქალაქიდან, რეგიონებიდან, ასევე, ცენტრალური ოფისი წარმოადგენს დელეგატების ნაწილს.

დაინიშნა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც ყრილობის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ფაქტორი და ერთ-ერთი ასპექტია. ამ ორგანიზაციის შემადგენლობის რაოდენობა განისაზღვრა 7 ადამიანით“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომას 2 საათის განმავლობაში მართავდა. სხდომის მიმდინარეობისას ისმოდა ხმაურის ხმაც, რაზეც ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ პარტიაში დისკუსიებს მიესალმებიან. 

პოლიტიკური საბჭოს სხდომას პარტიის მოქმედი თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა არ დასწრებია.