მანდატურის სამსახურის უფროსის წინააღმდეგ, რომელსაც აქტივისტების ცემაში ადანაშაულებენ, გამოძიება დაიწყო
თბილისის პროკურატურაში სამოქალაქო აქტივისტის, რუსკა მჭედლიძის გამოკითხვა დასრულდა. როგორც ადგილიდან "პირველების" კორესპოდენტი ინყოფინება, საქალაქო სასამართლოში მომხდარზე საგამოძიებო უწყებამ ძალადობის გადამეტების მუხლით დაიწყო გამოძიება.
როგორც რუსკა მჭედლიძე "პირველებს" უყვება, მან საგამოძიებო უწყებას მოძალადე პირი, დავით მატიაშვილი დაუსახელა.
კითხვები იყო შაბლონური, გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ძალადობრივად, თუმცა თავიდან არ აპირებდნენ გამოძიების დაწყებას და ალბათ იმიტომ გაიწელა ეს პროცესი, რომ პროკურორი ათანხმებდა ზემდგომებთან, დაეწყოთ თუ არა ეს გამოძიება. საბოლოო ჯამში, ახლა მე მივდივარ ექსპერტიზაზე, რომ ექსპერტმა შეაფასოს დაზიანებები, რა მაქვს სხეულზე, რომ იმის მიხედვით დაერთოს მერე საქმის მასალებს.
უნდოდათ, რომ ის ამბავი მომეყოლა თავიდან უბრალოდ გასაუბრების ფორმატში, რაც თავადაც ნახეს და რაც მე, როცა განაცხადი გავაკეთე, ეს ინფორმაცია მივაწოდე.
რა თქმა უნდა, მე დავასახელე მოძალადე პირი, დავით მატიაშილი, თუმცა თვითონაც უნდა გამოითხოვონ ახლა ვიდეო-ჩანაწერები, სადაც იდენთიფიკაციას მოახდენენ იმ ორი პირის, რომელიც მატიაშილთან ერთად იყო ძალადობის პროცესში და შემდეგ უკვე, სავარაუდოდ, კამერების ჩანაწერებს ამოიღებენ, სავარაუდოდ, დღეს უნდა გადააგზავნონ, რომ კამერების ჩანაწერები ამოიღონ სასამართლოს ეზოდან," - განაცხადა რუსკა მჭედლიძემ.
ადვოკატი, თამარ ლუკავა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს მიმართავს და მოუწოდებს, 28 ივლისის საღამოს ვიდეო კამერის ჩანაწერები საგამოძიებო სამსახურს გადასცეს.
ამ საქმეზე, სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ადგილზე დაბარებული დაზარალებული იგებს, რომ მასთან აპირებენ გასაუბრების ოქმის შედგენას და არ ხდება გამოკითხვა. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავეთანხმეთ ამას, გასაუბრებისთვის აქ არ მოვსულვართ, სახეზე გვაქვს ძალადობის კვალიც და მნიშვნელოვანია, რომ საქმეზე დაიწყოს გამოძიება, გამოიკითხოს მოწმე და არსებითად მნიშვნელოვანია გამოძიების დაწყება იმიტომ, რომ მტკიცებულებები არ განადგურდეს.
მივმართავ პირველ რიგში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს და მას ვთხოვ, რომ დააარქივოს 28 ივლისის საღამოს ვიდეო კამერის ჩანაწერები და გადასცეს საგამოძიებო სამსახურს, რათა ჩატარდეს გამოძიება სრულყოფილად," - ამბობს თამარ ლუკავა.
ცნობისთვის, ორი დღის წინ, როდესაც მოსამართლეები საკრებულოსთან დაკავებული აქტივისტების საქმეებს განიხილავდნენ, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა სასამართლოს ტერიტორია ქალებს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, ისინი ამბობენ, რომ დაზიანებები აღენიშნებათ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსს აქტივისტები ძალადობაში მანამდეც ამხელდნენ.