კობახიძე ირწმუნება, რომ ისტორიული ფიგურების და წმინდანების შეურაცხყოფა გარე დაკვეთაა

02.08.26 17:44
კობახიძე ირწმუნება, რომ ისტორიული ფიგურების და წმინდანების შეურაცხყოფა გარე დაკვეთაა

ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ  ისტორიული ფიგურების და წმინდანების შეურაცხყოფა გარე დაკვეთაა, რასაც ხელისუფლება კანონის ჩარჩოებში დაუპირისპირდება.

მან მაგალითად ლევან ბერძენიშვილი მოიყვანა და განაცხადა, რომ ისტორიული პერსონების შეურაცხყოფა სწორედ მისგან დაიწყო.

ეს არ არის ცალკეული ადამიანების ინიციატივები, რაც უკავშირდება ჩვენი საზოგადო მოღვაწეების, ისტორიული ფიგურების შეურაცხყოფას, მათ შორის, დიდი მეფეების და წმინდანების შეურაცხყოფას. ესეც არის გარე დაკვეთა. ჩვენ რომ ვსაუბრობთ გარედან თავსმოხვეულ სიძულვილზე, ესეც არის ამის გაგრძელება. ამ ძალების მიზანია, რომ საქართველოში არ არსებობდეს არაფერი წმინდა, ქვეყანას არ ჰქონდეს იდენტობის საყრდენი. ისტორიული, საზოგადო მოღვაწეები არიან ნებისმიერი ერის იდენტობის საყრდენი. სწორედ იმისათვის, რომ შეარყიონ ჩვენი ქვეყნის ეროვნული იდენტობა, ისინი თავს ესხმიან ჩვენს საზოგადო მოღვაწეებს, ისტორიულ ფიგურებს. ამას აკეთებდა ლევან ბერძენიშვილი და ახლა პატარა ლევან ბერძენიშვილები გამოჰყავთ და აკეთებენ განცხადებებს. ამასაც უნდა დავუპირისპირდეთ. მათი მიზანია ჩვენი ეროვნული იდენტობის შერყევა, ჩვენ ყველანაირად უნდა დავუპირისპირდეთ ამ ყველაფერს, თუმცა ეს უნდა მოხდეს კანონის ჩარჩოებში, მათ შორის კანონმდებლობის მოწესრიგებით და ამაზე ჩვენ აქტიურად უნდა ვიმსჯელოთ “, - განაცხადა მან.

შეგახსნებეთ, რომ 30 ივლისს ახალი საინიციატივო ჯგუფი დაფუძნდა, რომელიც ქართული იდენტობის, ეროვნულ ერთობისა და სამოქალაქო მშვიდობის დასაცავად შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ითხოვს.

მანამდე კი, MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა მოძრაობა, რომელიც მისი განმარტებით, „ქართული ღირებულებების, ფასეულობების და ტრადიციების დაცვის მიზნით შეიქმნა“.