შუქის ჩაქრობა სურთ, დააბრალონ ბესელიას მიერ გალახულ ზარდიაშვილს - სიორიძე
შუქის ჩაქრობა სურთ, დააბრალონ ბესელიას მიერ გალახულ ზარდიაშვილს - ასე ეხმაურება "ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი სიორიძე ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს.
პოლიტიკოსი სუს-ში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში მიმდინარე პროცესებს შიდა კლანურ დაპირისპირებას უკავშირებს.
"ქვეყანაში გაითიშა ელექტროენერგია, იყო სრული კოლაფსი, რაც 90-იანი წლებიდან გვახსოვს. ახლა, შუქის ჩაქრობა სურთ, დააბრალონ ბესელიას მიერ გალახულ ზარდიაშვილს, რომელიც როგორც აღმოჩნდა მამუკა მდინარაძის კადრი ყოფილა. იმ მდინარაძის, რომელიც პარლამენტიდან სუს-ში გადაიყვანეს, უმცხროსი ლეიტენანტობიდან უცებ გენერალ-მაიორი გახადეს და ასე სახლობანას ათამაშებს ირაკლი კობახიძე სანამ მას ამის ძალა შესწევს. უნდათ, საზხოგადოებას აჩვენონ სანახაობა, რეალურად კი ეს არის კლანური დაპირისპირება"- თქვა სიორიძემ.
ოპოზიციისა დამედიის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორი ვანო ზარდიაშვილი თანამდებობიდან მოხსნეს.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ ზარდიაშვილი შვებულებაშია.
ამასთან, "პირველებმა" გაარკვია ისიც, რომ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოადგილედ დავით ვარდიაშვილი მოადგილედ დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
რაც შეეხება საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშერომლებს, ისინი "პირველებს" უდასტურებენ, რომ სუს-მა რამდენიმე მათგანი გამოკითხა. კითხვები სავარაუდოდ 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვას უკავშირდება.
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად 2025 წელს დაინიშნა. 2021 წლიდან 2025 წლამდე მუშაობდა სსე-ის დირექტორად იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. 2020 წლიდან 2021 წლამდე იყო სსე-ის მმართველთა საბჭოს წევრი. 2019-2020 წლებში იკავებდა შპს „ენერგოტრანსის“ დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობას. ოპოზიცია ამბობს, რომ ზარდიაშვილის თანამებობა შესაძლოა მამუკა მდინარაძესთან ახლობლობას შეეწირა.