"ერთმანეთს ხოცავენ" - "ოცნება" ენმ-ში მიმდინარე პროცესებით კმაყოფილია
“ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირსპირებაზე “ქართული ოცნება“ კმაყოფილებას ვერ მალავს - გურამ მაჭარაშვილმა დღეს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერები გააკრიტიკა.
პარალელურად, მისი სამიზნე იყვნენ ევროკავშირის ლიდრებიც.
რამდენჯერაც ნაცპარტიამ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები მოითხოვა, იმდენჯერ მოუწია საკუთარ პარტიაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება. ერთი სრული წელი არ გავა ისე, რომ თავმჯდომარე, ან არ გადააყენონ, ან თვითონ არ გადადგეს. ახლა ის ფაქტი, რომ არალეგიტიმურს უწოდებს თავად ბოკუჩავა არჩევნებს, ჩატარებულ პოლიტსაბჭოს სხდომას და ა.შ. ეს არის ნაცმოძრაობის და მათი ლიდერების ბუნება. აი, ამ ხალხზე და ამ ე.წ. პარტიაზე გვეუბნებოდა და გვეუბნებიან ევროკავშირი და ევროკავშირის ელჩი, რომ არის პროდასავლური ღირებულების. საკუთარი თავმჯდომარე ვერ აურჩევიათ ისე, რომ ერთმანეთი არ დახოცონ და გვეუბნებიან, რომ კოალიციურ მთავრობას შექმნინა. მორიგ ჯერზე გამოჩნდა, თუ როგორ არასწორად პროპაგანდირებდა ევროკავშირის ელჩი და ევრობიუროკრატია, რომ თითქოს, ის ნაცაგენტურა, რომელიც თავის თავმჯდომარეს ვერ ირჩევს ჩხუბის და აყალ-მაყალის გარეშე, უნდათ, რომ ხელისუფლებაში მოეყვანათ, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
კიდევ ერთი დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა რჩება ერთ-ერთ მთავარ ამრევად ქვეყანაში და მათი პარტიის განახლებაც სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
ჯერჯერობით, მათი განახლება ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების ფონზეა, ამ ჯიჯგვნაში, რომელი დაჯიჯგნის, ეს თუ არის რეფორმა და განახლება, ეს მათმა შემორჩენილმა ამომრჩეველმა შეაფასოს. ის, რომ ნაციონალური მოძრაობა ამ გაგებით პოლიტიკურად არანაირი კონკურენტი არ არის, ეს მრავალი არჩევნების, ყოველი არჩევნების შემდგომ, უფრო მკაფიოდ, ციფრებში გამოიკვეთება. ის, რომ ნაციონალური მოძრაობა რჩება ერთ-ერთ მთავარ ამრევად ქვეყანაში, პოლიტიკური ვითარების და ამის მცდელობის მთავარ მედროშედ, ეს ფაქტია და ამ ფაქტს, დღეს მე მგონი, მთელი საზოგადოება ეთანხმება, - აცხადებს ქადაგიშვილი.
“პირველების“ ინფორმაციით, თინა ბოკუჩავა პარტიის ყრილობას არ დაესწრება. “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ელოდება, როდის გაუგზავნიან პოლიტსაბჭოს ოქმს.
ბოკუჩავას აინტერესებს, ნამდვილად შედგა თუ არა ქვორუმი, რის საფუძველზეც 5 აგვისტოს ყრილობა ჩაინიშნა.
თინა ბოუჩავა 2 დღის წინ ამბობდა, რომ გადაწყვეტილი არ აქვს, დაესწრება თუ არა 5 აგვისტოს ჩანიშნულ ყრილობას. ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებული იქნება იმ პასუხებზე, რასაც ის პარტიის გენერალური მდივნისგან, პეტრე ცისკარიშვილისგან მიიღებს.
“ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მე-13 ყრილობა 5 აგვისტოს, 15:00 საათზე გაიმართება.