კობახიძემ აშშ-ის საელჩოს მხრიდან კრიტიკას „აბსოლუტურად გაუგებარი“ უწოდა
ირაკლი კობახიძემ „აბსოლუტურად გაუგებარი“ უწოდა საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ახლადდაარსებული „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო" გაკრიტიკებულია.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში ერთ-ერთი მთავარი იყო, ვინც საქართველოში ხელოვნურად ცდილობდა სიძულვილის გაღვივებას და სიცრუის ტირაჟირებას.
„რაც შეეხება საელჩოს განცხადებას, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ აშშ-ის საელჩო, წინა ადმინისტრაციის პირობებში იყო ერთ-ერთი მთავარი, ვინც საქართველოში ხელოვნურად ცდილობდა სიძულვილის გაღვივებას, სიცრუის ტირაჟირებას. სამწუხაროდ, ეს პროცესები იყო კოორდინირებული. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საელჩოს ეს განცხადება ჩემთვის გაუგებარია, თუმცა მათი საქმეა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებაში სიძულვილის გავრცელება არ დავუშვათ. რაც შეეხება ქართულ -ამერიკულ ურთიერთობებს, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში და კვლავაც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ჩვენი სურვილია, აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და მოთმინებით დაველოდებით ამერიკული მხარის შემხვედრ პოზიციას”, - განაცხადა კობახიძემ.
აშშ-ს საელჩო საქართველოში, რადიო თავისუფლების შეკითხვების პასუხად გაგზავნილ წერილობით განცხადებაში წერს, რომ შეშფოთებულები არიან "საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების გამო".
"ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სიტყვის თავისუფლებას მიიჩნევს ფუნქციონირებადი საზოგადოების ფუნდამენტურ საფუძვლად და ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ცენზურასა და იმ შემზღუდავ კანონებს, რომლებიც გამოიყენება არასასურველი შეხედულებების მქონე ადამიანების ხმის ჩასახშობად"- წერია გამოცემისთვის გაგზავნილ კომენტარში.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.