გადადგეს აჭარის მთავრობის მეთაური, გამოიძიეთ ობიექტურად ფუტკარაძის გარდაცვალება - აქცია პროკურატურასთან
აქცია მთავარ პროკურატურასთან. საზოგადოებრივი მოძრაობა ,, სირცხვილია" და პარტიების, ,,ლელო", ,,დროა" და ,,გირჩი - მეტი თავისუფლება" წევრები ამ წუთებში ქვეყნის მთავარ პროკურატურასთან აქციას მართავენ. ისინი მოითხოვენ, გადადგეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუატატის გარდაცვალების ფაქტზე ობიექტური, გამჭვირვალე გამოძიება ჩატარდეს.
,,დროას" წევრი, შუშანა მაცაბერიძე, აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის წითელი ხაზი უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა და ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში მათი მოთხოვნა უკვე გათვალისწინებული იქნებოდა.
ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, გამოიძიონ ის უბედურება, რაც დატრიალდა ბათუმში. უნდა დასაჯონ ამ ტრაგედიაში დამნაშავეები, პირველ რიგში, ეს ეხება აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის, მამას, ასევე მოვითხოვთ თორნიკე რიჟვაძის გადადგომას. ჩვენ რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობდეთ, ეს კაცი უკვე გადამდგარი იქნებოდა. მაგრამ ქვეყანამ რა ქნას, როცა ხელისუფლება ვერ ხვდება, რა არის ნორმა.
თორნიკე რიჟვაძე დღეს ბედავს და გვეუბნება, რომ ყველას ბოდიშს მოგვახდევინებს, ვნახოთ, ვინ ვის მოახდევინებს ბოდიშს და საბოლოოდ საქმეს გააკეთებინებს.
ეს აქცია იმიტომ ტარდება, რომ ხელისუფლებამ გაიგოს, წითელი ხაზი არის ადამინის სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვა. ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა არავის ეპატიება. ეს პროტესტი გაგრძელდება, ხელისუფლებას დისკომფორტს ყველგან შევუქმნით. - აცხადებს შუშანა მაცაბერიძე.
,,ნაცმოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოს წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა განხორციელდა, რასაც შედეგად ფუტკარაძის გარდაცვალება მოჰყვა.