კობახიძის განცხადება ომის წლისთავზე - რა მიზანი აქვს რუსულ პროპაგანდაში დამკვიდრებული ტერმინით საუბარს?
აგვისტოს ომის კამპანია ირაკლი კობახიძემ ვრცელი პოსტით გახსნა. პრემიერმა წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე ყველა, ვისაც ანტირუსული განწყობა აქვს, რუსოფობად მონათლა და მისი გაღვივება ოპოზიციას და დასავლეთს დააბრალა. ვრცელი პოსტით კობახიძე ომსაც, რუსეთთან ურთიერთობის შერბილებასაც და ანტირუსული განწყობების გავრცელებასაც აბრალებს ყველას, რუსეთის გარდა.
რუსულ მედიას საქმე მიეცა. კრემლის პროპაგანდა მონდომებით აზიარებს საქართველოს პრემიერის გზავნილებს და წერს, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში რუსოფობიის მიზეზებს მიაგნო. ამ ტერმინს ქართველებზე ამ დრომდე მხოლოდ რუსეთი იყენებდა. "ივანიშვილის პარტია პირველია, ვინც რუსული ლექსიკა საკუთარს მოარგო და საკუთარი ინტერესითვე ისტორიაც გადაწერა"- ფიქრობს ოპოზიცია.
"ქართული ოცნების" ოპონენტები ამბობენ, რომ რომ ასეთი განცხადება კობახიძემ აგვისტოს მძიმე დღეებს დაამთხვია, ივანიშვილის გუნდის პოლიტიკური სტრატეგიის ნაწილია. ექსპერტების თქმით, თითქმის ყოველ წელს, ამ დროს ივანიშვილის პარტია რუსეთისთვის პასუხისმგებლობის შემსუბუქებას და სააკაშვილის ხელისუფლების დადანაშაულებას უთმობს.
მაინც რისი თქმა სურდა ირაკლი კობახიძეს, რატომ იყენებს რუსულ ტერმინებს, რატომ უმსუბუქებს ოკუპანტს დანაშაულს ან რა შეცვალა თავად 2012 წლის შემდეგ. კობახიძეს მედიის კითხვებისთვის დღეს არ უპასუხია, საჯაროდ კახა კალაძე გამოჩნდა, თუმცა პასუხები არც მას აქვს.