მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგები - ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა

25.11.21 22:30
მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგები - ომბუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა

სახალხო დამცველის მიერ შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა N3 - მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგების შესახებ - ირკვევა, რომ ექსპერტთა ჯგუფის წევრები გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მესამე პრეზიდენტის სანახავად, 23 ნოემბერს იმყოფებოდნენ. 

ვიზიტი განხორციელდა შემდეგი ექსპერტების შემადგენლობით: აიდა გოზალოვა, თენგიზ წულაძე, გიორგი კაჭარავა, ნინო ზავრაშვილი, გრიგოლი ხურციძე, გიორგი პაპიაშვილი.

დასკვნის თანახმად, ექსპერტები გაესაუბრნენ მიხეილ სააკაშვილს, შეაფასეს მისი სამედიცინო მდგომარეობა ადგილზე, ესაუბრნენ ექიმებს და გაეცნენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემებს.

ცნობილი გახდა ისიც, რომ ვიზიტის შემდგომ ექსპერტთა ჯგუფმა გამართა დისტანციური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა ასევე მიიღეს ექსპერტებმა, მამუკა მაჩაიძემ და გიორგი გრიგოლიამ.

სპეციალისტთა ჯგუფი შეფასებებით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, კვლავ უჩივის საერთო სისუსტეს, წონასწორობის დარღვევას. სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებშია.

ძირითადი საყურადღებო პრობლემები:
"1. ყურადღებას იპყრობს ფოსფატის დონის შეფარდებითი ვარდნა სისხლში: 3მმოლ/ლ-დან (რამდენიმე დღის წინ) - 1,08 მმოლ/ლ-ამდე, რაც შეესაბამება პროგნოზირებულ რეფიდინგის სინდრომს და ითხოვს ფოსფორის, ასევე სხვა ელექტროლიტების ხშირ მონიტორინგსა და საჭიროებისამებრ შევსებას.

2. ვერნიკეს ენცეფალოპათია ამ ეტაპზე არ პროგრესირებს. გორის ჰოსპიტალში გადმოყვანის, კვების დაწყებისა და თიამინის ინტენსიური შევსების შემდეგ, კრუნჩხვით აქტივობას ადგილი აღარ ჰქონია და პაციენტის მდგომარეობა კლინიკურად დასტაბილურდა"- წერენ ექსპერტები.

ოფიციალური დასკვნის მიხედვით, ჩატარებულია თავის კტ კვლევა. დასკვნის მიხედვით რაიმე აბნორმალურს არ მიუთითებს. რაც შეეხება მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას, თიამინით ადეკვატური შევსების დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში, ვერნიკეს სინდრომისათვის დამახასიათებელი ცვლილებები ამ ტესტის სურათზე უკუვითარდება და რადგანაც პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა, კვლევის გადაუდებელ რეჟიმში გაკეთება აუცილებლობას აღარ წარმოადგენს. 

ვერნიკეს ენცეფალოპათიის პროგნოზის მხრივ, მზერის პარეზი მოსალოდნელია რომ მალევე აღდგეს, ვესტიბულური დისფუნქცია 2 კვირის განმავლობაში გაუმჯობესდეს. თუმცა, დაბნეულობა და სისუსტე რამდენიმე კვირა შეიძლება გაგრძელდეს. არ არის გამორიცხული, რომ მზერის პარეზის სრული აღდგენა არ მოხდეს.

სინდრომის მკურნალობა ამ ეტაპზე, ჩვენი შეფასებით, მდგომარეობის ადეკვატურია.

თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე მძიმე ფსიქოლოგიურ გარემოსა და შიმშილით გამოწვეული მძიმე ვერნიკეს სინდრომის კომბინაციას, მისაღები შედეგისათვის მკურნალობის პროცესში ჩართული უნდა იქნას მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, შესაბამისი დიაგნოზის დასმის, ფსიქოთერაპიის კურსისა და ფარმაკოლოგიური მკურნალობის განსაზღვრის, რეაბილიტაციის პროცესის ადეკვატურად წარმართვის მიზნით.

4. ვიტამინების დეფიციტისათვის გაგრძელდეს მულტივიტამინები.

5. ფიზიკური რეაბილიტაცია"- წერია დასკვნაში, რომელსაც ხელს აწერენ:

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები:
გიორგი გრიგოლია, გრიგოლი ხურციძე, გიორგი კაჭარავა, გიორგი პაპიაშვილი, აიდა გოზალოვა, თენგიზ წულაძე, ნინო ზავრაშვილი, მამუკა მაჩაიძე.

მსგავსი სიახლეები