შეუშვებენ თუ არა დეპუტატებს სააკაშვილთან - ულტიმატუმის ვადა იწურება
მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება მესამე პრეზიდენტს პოლიტიკურ იზოლაციაში განგებ ამყოფებს. მათი თქმით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მესამე პრეზიდენტის მონახულება ფაქტობრივად, შეუძლებელია, რადგან ამისთვის სამი უწყების ნებართვაა საჭირო.
ჩვენ არ გვეძლევა საშუალება, რომ შევიდეთ და მოვინახულოთ, მიუხედავად არაერთი მცდელობისა და მოთხოვნისა, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებართვა უნდა გაიცეს პარლამენტის მხრიდან, ნებართვა უნდა გაიცეს პენიტენციური სამსახურის მხრიდან, იუსტიციის სამინისტროდან და თავდაცვის სამინისტროდან. გართულებულია ძალიან პროცედურა, ამიტომ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მისი უფლებები უნდა იყოს დაცული, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, მის თანამებრძოლეებს გვქონდეს საშუალება რომ მოვინახულოთ იგი და ის არ იყოს პოლიტიკურ იზოლაციაში, - ამბობს ენმ-ს წევრი, ხატია დეკანოიძე.
მესამე პრეზიდენტის დედას, გიული ალასანიას არ ესმის, რატომ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან მის თანაგუნდელებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მაშინ, როდესაც ამის პრობლემა გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში არ იყო.
მე რომ მკითხო, ძალიან მარტივია...იქ თუ უშვებდნენ, აქ რა შეიცვალა ბოლოს და ბოლოს? უნდა დაუშვან ეს ადამიანები, რომ მიეცეთ შესაძლებლობა ნორმალური ურთიერთობის. რა პრობლემაა, მე არ მესმის. სუსტად არის, ურჩევნია, რომ იწვეს. უჭირს სიარული, - თქვა ალასანიამ.
გიული ალასანია ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სისუსტის მიუხედავად სასამართლო პროცესზე მისვლას მაინც შეძლებს.
რახან თვითონ სჯერა, რომ შეძლებს, როგორც ჩანს, შეძლებს, იმიტომ, რომ ჯერჯერობით რაც მოინდომა, ყველაფერი შეძლო, - ამბობს ალასანია.
ულტიმატუმის ვადა იწურება. თუ მიხეილ სააკაშვილთან დღეს დეპუტატებს არ შეუშვებენ, პრეზიდენტი პროტესტის ნიშნად მკურნალობას შეწყვეტს და წამლების მიღებაზე უარს იტყვის.
მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე თვლის, რომ მკურნალობაზე უარის თქმა კატასტროფულ შედეგებს გამოიღებს, რადგან კომა და კრიზი გარდაუვალი იქნება.