ომი არ დასრულებულა, მცოცავი ოკუპაციით გრძელდება - “ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრები მუხათგვერდის სასაფლაოზე მივიდნენ
18 წელი აგვისტოს ომიდან - მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიდიან და დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ.
ისინი 18 წლის წინანადელ მოვლენებს იხსენებენ და ამბობენ, რომ მაშინ საქართველომ სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა და ამაში უდიდესი წვლილი სწორედ დაღუპულ ჯარისკაცებს მიუძღვით.
მათი თქმით, ომი თითქოს, დასრულდა, თუმცა დღემდე გრძელდება რუსეთის მიერ გავლენების გაძლიერება და მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი.
მათი მტიცებით, ამ ყველაფერს საქართველოს ხელისუფლება უწყობს ხელს და სწორედ ამას ემსახურება მათი ბოლო დღეების რიტორიკაც.
ჩვენ ვცხოვრობთ ღალატის ეპოქაში, როცა პრემიერ მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს ემუქრებათ ციხით დასჯით, იმისთვის, რომ მათ არ უყვარდეთ საქართველოს მტერი, საქართველოს მტერი არ უნდა გიყვარდეს, საქართველოს მტერი არის მტერი და რუსეთი მტერია, რუსეთია ის, ვის გამოც აქ ეს მემორიალია, რუსეთია ის, ვის გამოც შეწყდა 20 წლის, 25 წლის, 30 წლის ასაკში, საუკეთესო ქართველების სიცოცხლე, სამშობლოსთვის თავდადებულის. ეს არის მეხსიერების დღე, ეს არის ხსოვნის დღე, - ამბობს თაზო დათუნაშვილი.
“ქართული ოცნება“ აგრძელებს რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას, რომელიც მას საუკუნეების განმავლობაში აქვს საქართველოსთან მიმართებაში, - ამბობს გიორგი სიორიძე.
გლოვის დღეები იწყება საქართველოში 7 აგვისტოდან, იმ ტრაგიკული მოვლენებიდან 18 წელი გავიდა, რომელიც მოხდა 2008 წელს, როდესაც რუსეთმა დაიწყო ბოლო ცხელი ომი საქართველოში, თუმცა, ეს ომი არც მაშინ დაწყებულა რეალურად და არც მას შემდეგ დასრულებულა. ის გრძელდება მცოცავი ოკუპაციით, ჰიბრიდული ომით. “ქართული ოცნება“ აგრძელებს რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას, რომელიც მას საუკუნეების განმავლობაში აქვს საქართველოსთან მიმართებაში, ამის გამოძახილი იყო ირაკლი კობახიძის რამდენიმე დღის წინანდელი გამონათქვამი, რუსოფობიის შესახებ, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
- რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია.
- აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7 აგვისტოს გადმოკვეთა.
- ჰააგის სასამართლომ თქვა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და ომის დანაშაულებიც საქართველოში რუსეთმა ჩაიდინა.
- საქართველოს მთავრობა და რუსეთი 2008 წლის ომის დაწყებას კვლავინდებურად 8 აგვისტოს აღნიშნავენ.
- 2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც.