ერთმანეთისკენ ხელის გაშვერით ცდილობენ, რაღაც აბრადაკადაბრა შექმნან - ბექა ბასილაია
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას, თქმით, ხელისუფლება დეპუტატების გორის ჰოსპიტალში შეშვებასთან დაკავშირებით აურზაურს განგებ ქმნის.
უფლებდამცველი პარლამენტის თავმჯდომარის და პენიტენციური დაწესებულების პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ დეპუტატების გორის ჰოსპიტალში შეშვებასთან დაკავშირებით კახა კუჭავას ნებართვა საკმარისი იქნებოდა.
გორის ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტს არ ახვედრებენ საქართველოს პარლამენტის წევრებს, ქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს და ამაში პასუხისმგებელია პარლამენტის თავმჯდომარე, ამაში პასუხისმგებელია პენიტენციური სამსახური და ერთმანეთისკენ ხელის გაშვერით ცდილობენ რაღაც აბრადაკადაბრა შექმნან, რომ თითქოს ვერ გაერკვნენ, როგორ უნდა მოხდეს გორის ჰოსპიტალში დეპუტატების შეშვება. სინამდვილეში საკითხი დგას ძალიან მარტივად, დეპუტატებს აქვთ სრული კანონიერი უფლება, მოთხოვნის შემთხვევაში შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს. კანონი ცალსახად ადასტურებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ნებართვა არის საკმარისი მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად, - ამბობს ბექა ბასილაია.
ულტიმატუმის ვადა იწურება. თუ მიხეილ სააკაშვილთან დღეს დეპუტატებს არ შეუშვებენ, პრეზიდენტი პროტესტის ნიშნად მკურნალობას შეწყვეტს და წამლების მიღებაზე უარს იტყვის.
მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე თვლის, რომ მკურნალობაზე უარის თქმა კატასტროფულ შედეგებს გამოიღებს, რადგან კომა და კრიზი გარდაუვალი იქნება.