კრიტიკის მიუხედავად ,,ქართული ოცნება" მოსამართლეების შერჩევის პროცესს განაგრძობს
პროტესტის და კრიტიკის მიუხედავად ,,ქართული ოცნება" მოსამართლეების შერჩევის პროცესს მაინც განაგრძობს. პარლამენტმა ნახევრადცარიელ დარბაზში ნინო სანდოძეს მოუსმინა.
მოსამართლე, რომელსაც უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესება სურს, არასამთავრობო სექტორის შეფასებით ე.წ კლანის და გავლენიანი ჯგუფის წევრია, რომელსაც 2012 წლამდე არც ერთი გამამართლებელი განაჩენი არ გამოუტანია.
სანდოძის განცხადებით, გავლენიანი ჯგუფი სასამართლოში არც წინა ხელისუფლების დროს იყო და არც დღეს არა არის.
ასეთი ჯგუფი არ არსებობდა, არც წინა ხელისუფლების დროს და არც დღეს არ არსებობს. არ არის შემთხვევა, რომ მიუთითოთ, რომ ვინმემ, რომელიმე მოსამართლეს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე განახორციელა ზეწოლა", - აღნიშნა სანდოძემ.
ახლა პარლამენტში კიდევ ერთ მოსამართლეობის კანდიდატს, თეა ძიმისტარაშვილს, უსმენენ. მისი მტკიცებით, 2012 წლიდან დღემდე მასზე გავლენა არც ერთ პოლიტიკურ პროცესს არ მოუხდენია. კანდიდატისთვის გაუგებარია საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა, რასაც ისინი მართლმსაჯულების სფეროს მიმართ იყენებენ.
მინდა გითხრათ, რომ 1999 წელს, როდესაც დაიწყო ზოგადად სასამართლო სისტემის რეფორმირება, ვიყავი სისტემაში. ბოლო წლებში, მაინც ხაზს ვუსვამ, განხორციელებულმა სასამართლო რეფორმებმა უდავოდ გააძლიერა სასამართლო ინსტიტუცია. სასამართლო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს არ ყოფილა დამოუკიდებლობის ხარისხი ისეთი მაღალი, როგორც დღეს არის", -განაცხადა ძიმისტაშვილმა შესავალ სიტყვაში.
ძიმისტარაშვილთან გასაუბრებით მოსამართლეების შერჩევის პროცესი დასრულდა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები მოსამართლეობის 4 კანდიდატს გაესაუბრნენ. ამ პროცესს ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მასში არ მიუღია მონაწილეობა არც სახალხო დამცველს.
მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს აქტიურად აკრიტიკებს ევროკავშირის ელჩი, რომელიც აცხადებს, რომ მართლმსაჯულების რეფორმის დასრულებამდე შერჩევის პროცესი უნდა შეჩერდეს.
რამდენიმე წუთის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საგანგებო მიმართვა გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების დასრულებამდე განაგრძობს. საელჩო ასევე, წუხს, რომ მოსამართლეების დანიშვნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მონაწილეობის გარეშე მიმდინარეობს.