კობახიძემ "რუსოფობიაზე" საალაპარაკოდ საგანგებო ბრიფინგი გამართა
ირაკლი კობახიძემ საქართველოში „რუსოფობიაზე“ სასაუბროდ საგანგებო ბრიფინგი გამართა - ეს ხდება აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე.
"რუსოფობიაზე" საუბრისას კობახიძემ არაერთხელ ახსენა 2023 წელს რუსი ტურისტების Astoria Grande-ს კრუიზერით შემოსვლა და რუსეთის მოქალაქეების ქორწილი, რაც სამი წლის წინ, საზოგადოების ერთმა ნაწილმა, მათ შორის ელენე ხოშტარიამ გააპროტესტა.
"ქართული ოცნების" ლიდერმა დღეს, 12 აგვისტოს 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომიც „დიპ სტეიტს“ დაუკავშირა.
აშკარაა, რომ „დიპ-სტეიტის“ დავალების შესაბამისად, მათი აგენტურის მიერ დღეს საქართველოში რუსოფობიური განწყობების გაღვივება ხელოვნური პროცესია, რომელიც ერებს შორის ზიზღის უკიდურესად გამწვავებით, ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოშლით და ვითარების მაქსიმალური ესკალაციით უნდა დასრულდეს“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძე ირწმუნება, რომ "დიპ-სტეიტის ახალი გეგმის თანახმად, რუსი ტურისტი საქართველოში აღარ ჩამოვიდეს".
მმართველი პარტიის ლიდერის თქმით, "როგორც ქართულ, ისე რუსულ საზოგადოებას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს, რათა ნებსით თუ უნებლიეთ გლობალური ომის პარტიის ინტერესების სასარგებლოდ არ იმოქმედონ":
"ამ ყველაფრის, ისევე, როგორც მეორე ფრონტის გახსნისა და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე მიერთების მიზანი საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა, ერებს შორის შუღლის გაღვივება და პროცესების სამხედრო კონფლიქტამდე მიყვანაა" - ამტკიცებს ირაკლი კობახიძე.
თუკი 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყებისას, „დიპ-სტეიტის“ დავალებით, ადგილობრივი რადიკალური აგენტურა ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნისკენ და უკრაინაში მოხალისეების გაგზავნისკენ მოუწოდებდა, ამავდროულად კი უცხოელი აგენტები საქართველოს სოხუმსა და ცხინვალში სამხედრო ძალით „გასეირნებას“ სთავაზობდნენ, „დიპ-სტეიტის“ ახალი გეგმის თანახმად, მათმა ადგილობრივმა აგენტურამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსი ტურისტი საქართველოში აღარ ჩამოვიდეს, რაც, საბოლოოდ, იმით უნდა დასრულდეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ, საქართველოში თითქოსდა რუსოფობიული განწყობების გამო, ჩვენს ქვეყანასთან ყველანაირი ეკონომიკური ურთიერთობა შეაჩეროს. ამ ყველაფრის, ისევე, როგორც მეორე ფრონტის გახსნისა და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე მიერთების მიზანი საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლა, ერებს შორის შუღლის გაღვივება და პროცესების სამხედრო კონფლიქტამდე მიყვანაა, რაც, ჩვენ შემთხვევაში, საქართველოს უკიდურეს დასუსტებამდე და განადგურების საფრთხემდე მიდის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა:
„არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკური უთანხმოებები, წარსულში დაშვებული პოლიტიკური შეცდომები თუ გლობალური ომის პარტიის მიერ საქართველოს ომში ჩართვისა და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს“.
სიფრთხილე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ არ დაზიანდეს ხალხებს შორის არსებული კავშირები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უამრავი შერეული ოჯახი ცხოვრობს როგორც საქართველოში, ისე რუსეთში. ასევე, რუსეთში ცხოვრობს დიდი ქართული დიასპორა, ხოლო საქართველოში - რუსული წარმოშობის არაერთი ადამიანი. ამიტომაც, როგორიც არ უნდა იყოს „დიპ-სტეიტის“ გეგმა, არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკური უთანხმოებები, წარსულში დაშვებული პოლიტიკური შეცდომები თუ გლობალური ომის პარტიის მიერ საქართველოს ომში ჩართვისა და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს, რადგან საზოგადოებებს შორის ურთიერთობების შენარჩუნება და მშვიდობიანი თანაცხოვრება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურა თუ არაფორმალური ოლიგარქიული ძალების კონკრეტული გეგმა კონკრეტულ სახელმწიფოებთან მიმართებაში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
- შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ რუსოფობიის შესახებ წერილი სოციალურ ქსელში 4 აგვისტოს გაავრცელა. კობახიძის შემდეგ იგივე ნარატივი გაავრცელეს "ქართული ოცნების" სხვა ლიდერებმაც.
"პირველებს" ჰქონდა საშუალება კობახიძისთვის ეკითხა, რისთვის წამოიწყეს ივანიშვილის დაფუნებული პარტიის წარმომადგენლებმა ახალი კამპანია.
"ქართული ოცნების" ლიდერის თქმით, "რუსოფობია საგანგებო ყურადღებას იმსახურებს" და ამ შემთხცვევაშიც გაიმეორა, რომ ამ ყველაფრის უკან "დიპ-სტეიტი" დგას.
კობახიძემ ტრადიციულად "დიპ-სტეიტის" წარმომადგებლები უწოდა ოპოზიციის დიდ ნაწილს, კრიტიკულ მედიას და მესამე სექტორს. მეტიც, მისი თქმით, უცხოური აგენტურა იყო თავის დროზე "ქართული ოცნების"გუნდში და მთავრობაშიც კი.
საგულისხმოა კიდევ ერთი დეტალი, "რუსოფობიაზე" საუბრისას "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურმა ახსენა სიტყვა "მტერი", მოგვიანებით, კი განმარტა, რომ "მტერში დიპ-სტეიტს" გულისხმობს.
შეგნებულად, არც ერთ სახელმწიფოს არ ვუწოდებ მტერს და არც დღეს გამიკეთებია ეს. მტრებში ვგულისხმობ დიპ-სტეიტს" - დასძინა მან.