ბარამიძის მრავალწლიან პოლიტიკურ ცხოვრებას ერთი სიტყვით თუ დავახასიათებთ, ეს სიტყვა არის პატრიოტიზმი - ელენე ხოშტარია

12.08.26 17:00
ბარამიძის მრავალწლიან პოლიტიკურ ცხოვრებას ერთი სიტყვით თუ დავახასიათებთ, ეს სიტყვა არის პატრიოტიზმი - ელენე ხოშტარია

გია ბარამიძის მრავალწლიან პოლიტიკურ ცხოვრებას ერთი სიტყვით თუ დავახასიათებთ, ეს სიტყვა არის პატრიოტიზმი - ამის შესახებ "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზაბნილ წერილში წერს.

დაპატიმრებული ქალი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ დღეს, იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები იდევნებიან:

 ახალგაზრდობიდან, პრაქტიკულად ბავშვობიდან, გია ბარამიძე იბრძოდა საქართველოს თავისუფლებისთვის, იბრძოდა საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, დამოუკიდებლობისთვის და განვითარებისთვის, იბრძოდა საქართველოსთვის კორუფციის გარეშე. ის ამას აკეთებდა ყველა პოზიციაზე. იქნებოდა ეს მთავრობა, პარლამენტი, ოპოზიცია თუ სადაც არ უნდა ყოფილიყო.

დღეს, იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები იდევნებიან, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ისტორია იწერება და ამ მართალი იდეებისა და ადამიანების წინააღმდეგ ბრძოლა, საბოლოო ჯამში, ამ იდეებს აძლიერებს. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, გიას ვერაფერი გატეხს. მას ბევრი წელია ვიცნობ და ბევრ კრიტიკულ სიტუაციაში მინახავს. პოლიტიკოსობასთან ერთად, ის არის გამორჩეული ადამიანი. ადამიანი, რომელსაც უხარია სხვისი წინსვლა და წარმატება, ხელს უწყობს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას. და ზოგადად, კეთილი და ძალიან კარგი ადამიანია.

გია, ძალიან მიყვარხარ, ამათმა რა უნდა დაგვაკლონ ჩვენ!"- წერს ხოშტარია. 

რას ედავებიან ბარამიძეს?

შეგახსენებთ, რომ ოპოზციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მიხლით დაიწყო. 

საქმე ეხება, ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის პოლიტიკოსი ამბობს, რომ აფხაზეთში ომის დროს „ჩვენ ტყვეები არ გვყავდა, ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ, ჩვენები ხვრეტდნენ“.

ბარამიძემ განმარტება უკვე გააკეთა, თქვა, რომ მდგომარეობა, რომელზეც ის საუბრობს, მოგვიანებით, მისი ჩასვლის შემდეგ შეიცვალა “რომ არ შეცვლილიყო, ისინი ვერ შეძლებდნენ ქართველი 200 ტყვის გაცვლას სეპარატისტულ მხარესთან”.

ამასთან, გია ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ მას დააკავებენ. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს აქვს ეჭვი, რომ მის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიაა დაწყებული. ბარამიძე ამბობს, რომ აფხაზეთის ომის შესახებ გაკეთებულ მის განცხადებას პროპაგანდა კონტექსტიდან ამოგლეჯილად ავრცელებს. "თუ უნებლიედ გული ვატკინე ვინმეს, ბოდიშს ვუხდი"- დაწერა ბარამიძემ სოციალურ ქსელში.   

 

მსგავსი სიახლეები