სურვილი აქვს, რომ საკუთარ სასამართლოს დაესწროს - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე
თავს სუსტად გრძნობს, დიდი ფსიქოლოგიური სტრესი გადაიტანა - ამის შესახებ გიული ალასანიამ განაცხადა, რომელმაც გორის ჰოსპიტალი უკვე დატოვა. მესამე პრეზიდენტის დედის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს, მიუხედავად სისუსტისა, იმედი და სურვილი აქვს, რომ ორშაბათს საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწროს.
ეს სისუსტე გრძელდება, დილიდან მაქანავებდაო, ასე მითხრა. მაგრამ ყველაფერი უკეთდება და მე მის სამედიცინო მდგომარეობას ვერ შევაფასებ. განწყობა როგორი უნდა ჰქონდეს, როცა გამოკეტილი ხარ, რა განწყობა უნდა გქონდეს?
იმედი აქვს, რომ მის სასამართლო სხდომას დაესწრება. იმედი კი არა, სურვილი აქვს, რომ დაესწროს.
მე მომეჩვენა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესებულია, მაგრამ თვითონ მითხრა, დილიდან მაქანავებდაო. ოთახი არის პატარა, თვითონ ძირითადად ან წევს, ან ზის. თუმცა სურს თუ არა სხვა ოთახში გადაყვანა, ამაზე საუბარი საერთოდ არ არის. თვითონ დარწმუნებულია, რომ სასამართლოზე მისვლას შეძლებს.
მე მირჩევნია, რომ მისა უფრო თავისუფალ გარემოში იყოს, რაც მან სტრესი გადაიტანა, მაგრამ შემფასებლად არ გამოვდგები. მისთვის გამოკეტილ სივრცეში ყოფნა უკვე ფსიქოლოგიური სტრესია. რა თქმა უნდა, თუ ასეთი ფსიქოლოგიური წნეხი არ იქნება, სჯობს - განაცხადა გიული ალასანიამ.