საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთში - ოპოზიცია "ოცნების" პასუხისმგებლობაზე საუბრობს
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანასთან დაკავშირებით ოპოზიციაში ხელისუფლებისგან განმარტებებსა და პროცესის სრულ გასაჯაროებას ითხოვენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ამ დრომდე პასუხგაუცემელია მთავარი კითხვები — რა სამართლებრივი საფუძვლით გადაადგილდება საწვავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რა მოცულობის ტვირთზეა საუბარი და ჰქონდა თუ არა პროცესს ხელისუფლების თანხმობა. მათი ნაწილი ვარაუდობს, რომ საწვავის შეტანას შესაძლოა წინ რუსეთის წარმომადგენლებთან კომუნიკაციაც უძღოდა.
დარწმუნებული ვარ, რომ პირდაპირი კომუნიკაცია შედგა რუსეთის წარმომადგენლებთან, რომლებმაც ალბათ მოითხოვეს მსგავსი ტიპის ხელშეწყობა და დახმარება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისგან. თუ ეს ასე არ არის, მაშინ ამ კონკრეტულმა ბიზნესმენმა დაარღვია კანონი ოკუპაციის შესახებ და შესაბამისი ზომები უნდა გატარდეს მასთან მიმართებაში. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ურთიერთგამომრიცხავი ბევრი ტყუილი მოვისმინეთ ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით და სიმართლის დადგენა შეუძლებელია იმ პირობებში, როდესაც არანაირი გამჭვირვალეობა არ არსებობს, ანგარიშვალდებულება არ არსებობს, - ამბობს სალომე სამადაშვილი.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი თენგო თევზაძე კი პროცესს რუსეთთან ურთიერთობების შესაძლო შემდგომი გაღრმავების კონტექსტში განიხილავს. მისი შეფასებით, მსგავსი ნაბიჯების ნორმალიზებამ შესაძლოა საბოლოოდ დიპლომატიური ურთიერთობებისა და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხიც დააყენოს დღის წესრიგში.
საბოლოო ჯამში, სადამდე მიიყვანეს მათი ნაბიჯები ამ ქვეყანას, ამის პროგნოზირება მარტივია, ვინაიდან კიდევ უფრო მეტი სანქცია იქნება. საბოლოო ჯამში, ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ამის ნორმალიზება მოხდეს. მერე ამას მოჰყვება უკვე დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, შესაძლოა, რკინიგზის აღდგენა და შეუქცევადი პროცესი. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად და ჩვენ უნდა გავაძლიეროთ პროტესტი, - ამბობს თენგო თევზაძე.
„გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე ხელისუფლებისგან პირველ რიგში ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვს. მისი თქმით, უნდა გაირკვეს, საწვავის მიწოდება ჰუმანიტარული მიზნით განხორციელდა თუ საქმე ეკონომიკურ საქმიანობას ეხება. შარაშიძე ამბობს, რომ უცნობია მიწოდებული საწვავის ზუსტი მოცულობაც და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობაა.
თუ ეს იყო ჰუმანიტარულ ქმედება, მაშინ ამას სხვა სამართლებრივი ჩარჩო აქვს და შეიძლება ეს მისასალმებელიც კი იყოს. მაგრამ თუ ეს იყო ეკონომიკური საქმიანობა,რ ომელიც აკრძალულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაშინ მას შესაბამისი პროცედურები სჭირდება და რა ტქმა უნდა, საქართველოს მთავრობის თანხმობა. ჩვენ ისიც კი არ ვიცით საერთოდ 300 ტონაზეა საუბარი, 3 ათასზე თუ სამას ათას ტონაზე. ამიტომ ამ ინფორმაციის გამჭვირვალობაზე პასუხისმგებლობა თავიდანვე აქვს "ოცნების" ხელისუფლებას და ირაკლი კობახიძეს, რომელსაც მივმართეთ საპარლამენტო კითხვით და რა თქმა უნდა, მას აქვს ვალდებულება, რომ ამ კითხვებზე გასცეს პასუხები, - ამბობს გიორგი შარაშიძე.
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის ახალი პარტია შეიტანეს - ინფორმაცია და კადრები მაია კალანდიამ და მარიამ სიჭინავამ გაავრცელეს.
კადრების თანახმად, ენგურის ხიდი ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან კიდევ სამმა საწვავმზიდმა გადაკვეთა.
აქტივისტი წერს, რომ ისინი ხიდთან მდებარე ქართულმა საგუშაგომ უპრობლემოდ გაატარა.
ამასთან, კომპანია, "ქონექთმა" რომლის საწვავიც ოკუპირებულ აფხაზეთში გადის, გუშნ პირველი განმარტება გააკეთა.
განცხადების მიხედვით, მიმდინარე წელს, კომპანიისგან ბენზინის ტიპის საწვავი შეიძინა შპს „სოლიდუსმა“, რომელმაც გადაიხადა პროდუქციის ღირებულება და ეტაპობრივად ახორციელებს მის გატანას.
"ქონექთში" ამბნენ, რომ ის, თუ სად განახორციელებს შპს „სოლიდუსი“ ნაყიდი ნავთობპროდუქტების რეალიზაციას, მათთქნ არ თანხმდება და სცდება ქონექთიწ პასუხისმგებლობის ფარგლებს.
უკვე დღეს "ქონექთმა" დააზუსტა, რომ საწვავის მიწოდება "სოლიდუსისთვის" ხელშეკრულების ფარგლებში მოხდა, თუმცა და დამატებით მიწოდებას აღნიშნულ შპს-ზე არ იგეგმება.