ხუდადოვზე ძნელაძეების სახლი ორჯერ დაიტბორა - ოჯახი დახმარებას ითხოვს
თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახს, რომელიც აცხადებს, რომ მათ სახლში ონკანებიდან კანალიზაციის წყალი მოდის, მერია 1000-ლარიან კომპენსაციას სთავაზობს. ძნელაძეების ოჯახისთვის შეთავაზებული თანხა მიუღებელია - მათი თქმით, პრობლემის შედეგად მიყენებული ზარალი გაცილებით დიდია.
ოჯახი ამბობს, რომ ძლიერი წვიმის დროს სახლი იტბორება, წყალი კი ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკას აზიანებს. ადგილობრივების მტკიცებით, პრობლემის მიზეზი საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემებია, რომლებიც ერთმანეთთან არასწორად არის დაერთებული.
ძნელაძეები მერიისგან პრობლემის სრულად მოგვარებასა და მიყენებული ზარალის შესაბამის ანაზღაურებას ითხოვენ.
ამოვიდა კანალიზაცია. მტელ სახლში და ეზოში დავიტბორეთ. აბსოლუტურად ყველაფერი გაგვიფუჭდა, რაც გვქონდა და გარეთ გვიყრია ყველაფერი. მეორე დღეს რომ გაწვიმდა, ისევ იგივე განმეორდა, ისევ ამოვიდა. მთელი ცხოვრების ნაშრომი გადავყარეთ, გავატანეთ წყალს და კანალიზაციას. დაზიანდა აბსოლუტურად ყველაფერი: ტექნიკა, ავეჯი, საყოფაცხოვრებო, წვრილმანი ტექნიკა, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, კელდები, ბიბლიოთეკა გადავყარე. ორი დღეა ვრეკავ ჯივიპიში, არავინ ყურადღეწბას არ გვაქცევს, არ მოდის ჩვენთან არავინ, რომ გაწმინდონ. ჭები, რაც არის, ქვა-ღორღით არის სავსე, რიყის ქვებით არის სავსე, - ამბობს ოჯახის წევრი.