ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის დეფიციტია - სად მიდის საქართველოდან შეტანილი საწვავი
გალში, სოხუმსა და გაგრაში ბენზინგასამართ სადგურებთან ისევ რიგებია. ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა საწვავს ეძებს, თუმცა ბენზინის დეფიციტი კვლავ მწვავეა. ეს მაშინ, როცა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან, ენგურის გავლით, ოკუპირებულ რეგიონში ასობით ტონა საწვავი შეიტანეს. მხოლოდ გასულ ღამეს, არსებული ინფორმაციით, 100 ტონაზე მეტი ბენზინი გადაიტანეს, თუმცა საწვავის კრიზისი მაინც ვერ აღმოიფხვრა.
ახლა მთავარი კითხვაა - სად წავიდა საქართველოდან შეტანილი საწვავი? მართლაც მოსახლეობის საჭიროებებს მოხმარდა და მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, თუ მისი ნაწილი სხვა მიზნებისთვის გამოიყენეს? ამ კითხვებზე პასუხი ამ დრომდე არ არსებობს.
ენგურს აქეთ კი ეჭვები კიდევ უფრო მეტია. შეძლებდა თუ არა ერთი რიგითი ბიზნესმენი ტონობით საწვავის შეძენას, ოკუპირებულ აფხაზეთში გადატანასა და რეალიზაციას, ხელისუფლების შესაბამისი უწყებების ჩართულობისა და თანხმობის გარეშე? არსებობდა თუ არა რაიმე შეთანხმება და თუ არსებობდა - ვისთან და რა პირობებით?
ამ კითხვებზე პასუხებს ოპოზიცია ირაკლი კობახიძისგან ითხოვს, თუმცა ხელისუფლებისგან ამ დრომდე განმარტებები არ გაკეთებულა. დუმილი დაარღვია საწვავის გამყიდველმა კომპანიამ, თუმცა „ქონექთში“ აცხადებენ, რომ მათ მიერ გაყიდული პროდუქციის შემდგომ რეალიზაციაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.