"ყველაზე ხანგრძლივი პროტესტი საქართველოს ისტორიაში" - „Le Monde“ უწყვეტი აქციების შესახებ წერს

17.08.26 10:06
"ყველაზე ხანგრძლივი პროტესტი საქართველოს ისტორიაში" - „Le Monde“ უწყვეტი აქციების შესახებ წერს

საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პროტესტი - ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტ აქციებზე გავლენიანი ფრანგული გამოცემა „Le Monde“ წერს. გამოცემა აღნიშნავს, რომ საპროტესტო მოძრაობა წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა და დემონსტრანტების მთავარი გზავნილია - „ჩვენ ვიცავთ ჩვენს ევროპულ მომავალს“.

„Le Monde“-ის თანახმად, 2024 წლის ნოემბერში ხელისუფლების მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შემდეგ, დარბევებისა და ზეწოლის მიუხედავად, ქუჩაში ყოველდღიურად ასობით ადამიანი გამოდის. ფრანგული გამოცემა წერს, რომ ქართველებისთვის პროტესტი ერთგვარ მოწოდებად იქცა და ეს საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი საპროტესტო მოძრაობაა.

გამოცემა წერს, რომ პროტესტს ერთიანი ლიდერი არ ჰყავს და ის დაკავებების, ჯარიმებისა და სხვა სახის ზეწოლის მიუხედავად გრძელდება. „Le Monde“ „Amnesty International“-ის ივნისის ანგარიშსაც ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, მოძრაობის დაწყების შემდეგ ათასობით ადამიანი თვითნებურად დააკავეს ან დააჯარიმეს, ასობით მოქალაქე წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა, 150-ზე მეტი კი, ორგანიზაციის შეფასებით, უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული პროცესების შედეგად დააპატიმრეს.

სტატიაში ხაზგასმულია საზოგადოების ევროპული არჩევანიც - „Le Monde“-ის მიერ მოყვანილი გამოკითხვების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 75 პროცენტი ევროპულ ინტეგრაციას უჭერს მხარს. გამოცემა წერს, რომ ევროკავშირისგან დაშორება და რუსეთთან დაახლოება ბევრმა მოქალაქემ ღალატად აღიქვა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალებს საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტი აქვთ ოკუპირებული.

თუმცა, გამოცემა ყურადღებას ამახვილებს პროტესტის მონაწილეთა დაღლილობასა და იმედგაცრუებაზეც. „Le Monde“-ის შეფასებით, ხელისუფლება კონტროლს სულ უფრო ამკაცრებს, ათასობით ქართველმა ქვეყანა უკვე დატოვა, ხოლო ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ნაწილი საპროტესტო აქციების ეფექტიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

გამოცემა აქციების მონაწილე იურისტსაც ესაუბრა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა და ქვეყანაში არსებულ ვითარებასა და პროტესტის მომავალზე მზარდ სასოწარკვეთილებაზე ისაუბრა.