მიქაუტაძე ლილუაშვილის პირისპირ - სუს-ის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ მთავარ მოწმეს დღეს დაცვის მხარე დაკითხავს
სუს-ის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ დღეს ჩვენების მიცემას ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე განაგრძობს. მიქაუტაძეს, რომელმაც ლილუაშვილი ბიზნესის „ძარცვაში“ უკვე ამხილა, ამჯერად კითხვებს დაცვის მხარე დაუსვამს.
რომეო მიქაუტაძეს სასამართლო სხდომათა დარბაზში მისვლა არ სურდა და ჩვენება დისტანციურად მისცა, თუმცა ყოფილ თანაგუნდელთან პირისპირ შეხვედრა, სავარაუდოდ, მაინც მოუწევს. დაცვის მხარის შუამდგომლობა, მიქაუტაძის სასამართლოში გამოცხადების შესახებ, მოსამართლემ დააკმაყოფილა.
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება, მსჯავრდებული პირი პროცესზე არ გამოცხადდეს, შეიძლება იყოს სამედიცინო ცნობა, რომელიც დაადასტურებს, რომ მოწმეს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს.
ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე გადაწრით ვერ ამბობს, იქნება თუ არა მიქაუტაძე წარმოდგენილი სასამართლო სხდომაზე.
შეგახსენებთ, მსჯავრდებულმა რომეო მიქაუტაძემ აღიარა, რომ წლების განმავლობაში ბიზნესსექტორისგან ფულის მიღებაში თავადაც აქტიურად მონაწილეობდა.
ეკონომიკის სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, რომელიც სუს-ის ყოფილი ბოსის სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, რამდენიმე დღის წინ სასამართლოზე ლილუაშვილს ქრთამის აღებაში ხელი პირდაპირ დაადო. მიქაუტაძის თქმით, ის თავად დადიოდა ბიზნესმენებთან და „სახელმწიფო ინტერესების დაცვის“ საბაბით მათ დიდი ოდენობით ფულს სთხოვდა. რაც მთავარია, როგორც მიქაუტაძე აცხადებს, თანხის მიღების შემდეგ მთელი ეს ქეში ფული ჩემოდნებით გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა.