პარლამენტის ლეგიტიმურობაზე სარეფერენდუმო კითხვა ცესკომ არ დაარეგისტრირა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, პარლამენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, საინიციატივო ჯგუფს სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხის რეგისტრაციაზე უარი უთხრა.
„ეთანხმებით თუ არა, რომ საქართველოს მოქმედი პარლამენტი წარმოადგენს ქართველი ხალხის ნდობის მანდატზე დაფუძნებულ ლეგიტიმურ წარმომადგენლობით ორგანოს?”- ეს იყო საკითხი, რომელზედაც საინიციატივო ჯგუფი რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვდა.
განაცხადი ცესკოში 22 ივლისს შევიდა, გადაწყვეტილება კი დღეს, 17 აგვისტოს მიიღეს. კომისიის სხდომას საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
კომისიის მოსაზრებით, ამომრჩევლისთვის „ბუნდოვანი იქნება“ შემოთავაზებული საკითხი, რადგან ინიციატივის ავტორები მიუთითებენ, რომ ეს საკითხი არ უკავშირდება პარლამენტის ვადამდე ადრე დათხოვნას და დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას.
პარლამენტში მოქმედი დეპუტატები ასრულებენ საკუთარ უფლებამოსილებას, რომლებიც არჩეულნი არიან 4 წლის ვადით, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისი მუხლი იცავს მათ უფლებას, რომ ისინი არჩეულნი ყოფილიყვნენ შესაბამის პოზიციაზე, მათი გამოწვევა დაუსვებელია, აქედან გამომდინარე, რეფერენდუმის საკითხის უარყოფითად გადაწყვეტა, გამოიწვევს მათი უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას, შესაბამისად, მათი კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას. გარდა ამისა, არ არის მითითებული საინიციატივო ჯგუფის ის სავალდებულო რეკვიზიტები, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, კერძოდ, არ არის მითითებული საცხოვრებელი ადგილი და საკონტაქტო ტელეფონის ნომრები, საერთო ჯამში, აღნიშნული საფუძვლები, არ იძლევა სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხის და საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების საფუძველს, აქედან გამომდინარე, წარმოდგენილია პროექტი, რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის შესახებ,- განაცხადა ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა.
საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრის თქმით, მისთვის „ცოტა გაუგებარია“, რას ემსახურება ცესკოს დასკვნა.
თუკი რაიმე ხარვეზი არსებობს, ტექნიკური ხასიათის, მიღებული წესია, სასამართლოებშიც და ნებისმიერ საჯარო დაწესებულებებში. ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე აღნიშნავენ ხარვეზს და აძლევენ ვადას ხარვეზის გამოსასაწორებლად, - თქვა მან.
საინიციტაივო ჯგუფის წევრების თქმით, უარის გამო ისინი სამართლებრივ დავას დაიწყებენ.
„გამოდის, რომ პარლამენტის მიმართ ლეგიტიმაციის საკითხის ხალხის მიერ გადაწყვეტა არის ხელშეუხებელი, ტაბუდადებული საკითხი, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ გარკვეულწილად ხალხის ძალაუფლება, რომელიც კონსტიტუციურად გარანტირებულია, არის შეზღუდული. აქ უკვე გადავდივართ პოლიტიკურ საკითხზე, რაც არ უნდა იყოს ცესკოს მსჯელობის საგანი“, - თქვა ზარქუამ.
რეფერენდუმის ჩატარებას მხარს უჭერდნენ პარტია „მამული, ენა, სარწმუნოების“ და ორგანიზაციის „საქართველოს პლანეტათაშორისო და ჩვენი პლანეტა სიკეთის მშვიდობის საერთაშორისო ფონდი“ წევრები.