კალაძე იძლევა გარანტიას, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შესული საწვავი რუსეთში არ გავა
კახა კალაძე ამტკიცებს, რომ საწვავი, რომელიც საქართველოდან ოკუპირებულ აფხაზეთში შევიდა, იქ მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად იყო განკუთვნილი. ამასთან, დედაქალაქი მერი ირწმუნება, რომ "ოცნების" მხრიდან გადადგმული ყველა მსგავსი ნაბიჯი ოკუპაციის შესახებ კანონის გათვალისწინებით ხდება.
ჩვენ გადავდგამთ ყოველთვის ისეთ ნაბიჯებს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და თუნდაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის.
კიდევ ერთხელ, იცით, რომ არსებობს კანონი ოკუპაციის შესახებ, ჩვენი მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი, რა თქმა უნდა, ამ კანონის ფარგლებში ხდება - სამედიცინო დახმარება იქნება ეს, საწვავის ხელშეწყობა იქნება ან სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
კითხვაზე, იძლევა თუ გარანტიას, რომ აღნიშნული საწვავი აფხაზეთის მკვიდრებს მოხმარდებათ, კალაძე ასე პასუხობს:
კი, გაძლევთ გარანტიას და არ ინერვიულოთ მაგაზე თქვენ, - ამბობს კალაძე.
სამეგრელოდან ოკუპირებულ აფხაზეთში შეტანილი საწვავი შესაძლოა ფსოუს გავლით რუსეთში გადიოდეს - ამის შესახებ აფხაზურ ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში ადგილობრივები წერენ. საწვავის მწვავე დეფიციტით უკმაყოფილო მოქალაქეები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეტანილი ბენზინი ადგილობრივ ბენზინგასამართ სადგურებამდე არ აღწევს და კითხულობენ, სად მიდის რეგიონში შემოტანილი საწვავი.