„ლელო“ საგადასახადო ზღვრების გაზრდას ითხოვს - ქონებაზე 100 ათასი, დღგ-ზე 500 ათასი, გზავნილებზე 900 ლარი

01.09.26 14:12
„ლელო“ საგადასახადო ზღვრების გაზრდას ითხოვს - ქონებაზე 100 ათასი, დღგ-ზე 500 ათასი, გზავნილებზე 900 ლარი

 

 

„ძლიერი საქართველო - ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ქონების გადასახადის რეფორმას არასაკმარისად კონკრეტულს უწოდებს და ხელისუფლებას სამი ცვლილების განხორციელებას სთავაზობს - ქონების გადასახადის 40-ათასლარიანი ზღვრის 100 ათასამდე, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის 100-ათასლარიანი ზღვრის 500 ათასამდე, ხოლო საფოსტო გზავნილების განბაჟების 300-ლარიანი ზღვრის 900 ლარამდე გაზრდას. ამის შესახებ თაზო დათუნაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

პარტიაში აცხადებენ, რომ წლების წინ დაწესებული ზღვრები ინფლაციის, ლარის გაუფასურებისა და შეცვლილი ეკონომიკური რეალობის გათვალისწინებით გადასახედია და ცვლილებები მოქალაქეებსა და მცირე ბიზნესს ფინანსურ ტვირთს შეუმსუბუქებს. 

“ქართულმა ოცნებამ”, ფაქტობრივად, უკან დაიხია. ჩვენი და საზოგადოების მრავალი მოწოდების შემდეგ ქონების გადასახადის რეფორმა დაანონსა, მაგრამ როგორც ეს სჩვევია დილეტანტ "ქართულ
ოცნებას", არაფერი კონკრეტული არ თქვა ამ რეფორმაზე. თუ "ქართულ ოცნებას" რეალურად სურს, რომ საზოგადოების ინტერესებს ემსახუროს, საქართველოს მოქალაქეების, მცირე მეწარმეების ჯიბემ შვება იგრძნოს ყოველთვიურად, მაშინ საჭიროა კონკრეტული რეფორმები, რაზეც „ძლიერი საქართველო ლელო“ საუბრობს. 

ზოგადად, ხელისუფლების ცვილებისას, ძირეულად შეიცვლება საქართველოს საგადასახადო სისტემის რეფორმა და გაუმჯობესდება, მაგრამ მანამდე, დღესვე, კონკრეტული საკითხები არსებობს, რამაც შეიძლება ძირეულად შეცვალოს საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურობა. კერძოდ, 

• ქონების გადასახადის წლიური 40 ათას ლარიანი ზღვარი აიწიოს 100 ათას ლარამდე;
• დღგ-ს გადახდის 100 ათას ლარიანი ზღვარი, რომელიც 2005 წლიდან მოქმედებს, უნდა აიწიოს 500 ათას ლარამდე;
• საფოსტო გზავნილების განბაჟების   ზღვარი  300 ლარიდან ავიდეს 900 ლარამდე.

ქონების გადასახადია წლიური 40 000- ლარიანი ზღვარი 2005 წელს შემოიღეს, მას შემდეგ საქართველოში ერთი მხრივ გაიზარდა ხელფასები, მეორეს მხრივ გაიზარდა დაახლოებით 300%-ით ინფლაცია ამ 20 წელიწადში. შესაბამისად, აუცილებელია, რომ ეს  40 000-ლარიანი ზღვარი ფუნდამენტურად გადაიხედოს, რადგან ეს უკვე აღარ ითვლება რაიმე განსაკუთრებულ სიმდიდრედ ამ ქვეყანაში. 

ამის პარალელურად, ჩვენ ვამბობთ რომ, აუცილებელია დღგ-ს გადახდის ზღვარი აიწიოს 500 ათას ლარამდე და საფოსტო გზავნილების განბაჟების ზღვარი 300 ლარიდან 900 ლარამდე. 300-ლარიანი ზღვარი დაწესებულია 2009 წელს. 2009 წელს ლარის გაცვლითი კურსის აშშ დოლართან მიმართებით 1.66 ლარი იყო, ხოლო დღეს, 2026 წლის სექტემბერში კი 2.62 ლარია. 2009 წლის შემდეგ ლარიც მკვეთრად გაუფასურდა, რეალობაც შეიცვალა და მოხდა ციფრული რევოლუცია და ადამიანები მეტს იწერენ ინტერნეტ პლატფორმებიდან, შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეები დიდ შვებას ნახავენ ამ შემთხვევაშიც. 

აქ ცალსახად ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ბიუჯეტს არ დააკლდება ისეთი სახსრები, რომლის დაბალანსება, ანაზღაურება შეუძლებელია, რაც "ქართულ ოცნებას" ხშირად არგუმენტად მოჰყავს ხოლმე. მაგალითად, 300-დან 900 ლარამდე ღირებულების საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელზე დარიცხული იმპორტის გადასახადი და დღგ ჯამში მხოლოდ 14 მილიონს შეადგენდა. 14 მილიონი ლარი ბიუჯეტს, რომლიწ კომპენსაცია ცალსახად შეიძლება სხვა ეკონომიებით, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები ნახავენ უდიდეს შვებას თავის ჯიბეზე. ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც იწერს დისი ინტერნეტ პლატფორმებიდან.

აქვე ვიტყვი, რომ დღგ-ს გადასახადის ზღვრის აწევა 100-დან 500 ათას ლარამდე შეიძლება ჟღერდეს ძალიან ხმამაღლა, მაგრამ აქაც, ლაპარაკი არის ბიუჯეტში 336 მილიონი ლარია დანაკლისზე. ეს დანაკლისი ძალიან მარტივად შეიძლება დაბალანსდეს, მაგალითად იმ განცხადებით, რომელიც დავუშვათ, რომ ტყუილი არ არის, ვგულისხმობ კობახიძის განცხადებას, რომელიც ეხება სახელმწიფო კომპანიებს და სადაც კობახიძე ამბობდა, რომ წლიური 700 მილიონი ლარის დანაზოგი გააკეთა სახელმწიფო კომპანიებში. ეს 700 მილიონიანი დანაზოგი, როგორც დღგ-ს ზღვარის აწევას მოემსახურება და ჰყოფნის, ისე განბაჟების ზღვრის აწევას ინტერნეტ პლატფორმებზე ნაყიდი პროდუქციის. ამიტომ, ეს არგუმენტი არ არის.  თუ ამ რეფორმას არ აკეთებს უბრალოდ საჩვენებლად და ხალხის დასაშოშმინებლად, თუ რეალურად უნდა "ქართულ ოცნებას", რომ ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარ ჯიბეზე იგრძნონ შვება, აი, აქ არის კონკრეტული რეფორმა: ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვრის 100 000-მდე აწევა, დღგ-ს გადასახადის ზღვრის 500 000-მდე აწევა და საფოსტო გზავნილების განბაჟების ზღვრის 300-დან 900 ლარამდე აწევა. ყოველთვიურად, გარანტიას გაძლევთ, რომ ძალიან დიდ შვებას ნახავენ ამ ქვეყნის მოქალაქეები, რომელიც "ქართული ოცნების" გამო ცხოვრობენ უკიდურეს სიღარიბეში, ყოველთვიურ ფასების ზრდაში და არნახულ, კოლოსალურ კორუფციაში, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები