საქართველოში რომ უნდა დავბრუნებულიყავი, ბოლოს მითხრა ჩემი 15 წლის შვილმა - სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის საქართველოში ქართველების თხოვნით დაბრუნდა. მესამე პრეზიდენტმა თქვა, რომ მას საქართველოში ჩასვლისკენ ოჯახმაც მოუწოდა.
მე ჩამოვედი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქართველისგან გამიგია, რომ უნდა დავბრუნებულიყავი. იმ თანამემამულეებისგან, რომელსაც ვხვდებოდი ევროპაში და ამერიკაში. რომ უნდა დავბრუნდე საქართველოში, ბოლოს მითხრა ჩემი 15 წლის შვილმა, მითხრა სანდრამ, რომელსაც ძალიან ვენდობი და რომელთან ერთად გავზარდე 2 ძალიან მაგარი შვილი და სანდრას ნამუშევარის კვალი არის ყველგან მათ შორის, ციხის სისტემაში, სადაც უამრავი კეთილი საქმეა გაკეთებული პატიმრების ჯანდაცვის კუთხით. მითხრა ჩემთვის მნიშვნელოვანმა ადამიანმა უკრაინაში და ამ ადამიანის აზრიც, რომლისთვისაც მე ძალიან ძვირფასი ვიყავი და ვარ, ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი. დედაჩემმა, რომ როგორც დედას, არ უნდა, რომ თავი საფრთხეში ჩავიგდო, მაგრამ როგორც საქართველოს პატრიოტი, ვთვლი, რომ ცუდ სიტუაციაში ვარ და ეხლა ვართ ისეთ ცუდ სიტუაციაში, რომ რაღაც უნდა ვქნათ ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.