პატიმრების ლიმიტის სკანდალი - კახი კახიშვილი პენიტენციურს პასუხობს
პატიმრების ლიმიტის სკანდალი - კახი კახიშვილი, რომელიც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პოსტს 2015 წლის 1 აგვისტოდან 2018 წლის 15 ივლისამდე იკავებდა, უწყების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას "პირველებთან" პასუხობს.
- სალია და პატარიძე ამტკიცებენ, რომ 10 წელი ციხეებში პატიმრებს შეცდომით დათვლილი ლიმიტებით ათავსებდნენ
კახიშვილის თქმით, ქსნის №15 პენიტენციური დაწესებულებაში მსჯავრდადებულთა განთავსების ლიმიტის შესახებ მის მიერ ხელმოწერილი ბრძანება ეფუძნებოდა კონკრეტული სპეციალისტების დასკვნას.
"ქართული ოცნების" გუნდის ყოფილ წევრს უკვირს, რატომ გახდა 10 წლის წინანდელი განცხადების გადახედვა საჭირო.
სასჯელაღსრულების ექს-მინისტრი სვამს კითხვას, რა მეთოდოლოგია გამოიყენა პენიტენციური სამსახურმა ახლა, როცა თქვა, რომ თავის დროზე დაშვებულ იქნა უზუსტობა და ახლა პატიმრების რაოდენობის ლიმიტების ზრდით უბრალოდ ამ შეცდომას ასწორებენ.
"თუ დღეს, დღევანდელი ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ არასწორად იყო დათვლილი, პირველ რიგში უნდა შეჯერდეს მეთოდოლოგია", - უთხრა კახიშვილმა "პირველებს".
ყოველ შემთხვევაში იმას მაინც არ იძახიან, რომ ჩემ დროს უფრო მეტ პატიმარზე იყო გათვლილი და ახლა ნაკლებზეა. ეს ბრძანება ეფუძნებოდა კონკრეტული სპეციალისტების დასკვნაზე, რომლებიც იმ ლიმიტზე საუბრობდნენ, რომლებიც იმ დროს იყო დამტკიცებული. შესაბამისად, თუ დღეს, დღევანდელი ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ არასწორად იყო დათვლილი, პირველ რიგში უნდა შეჯერდეს მეთოდოლოგია. ეს რომ იყოს სახლი, ძალიან მარტივია, ერთი კედელი გაზომო, მეორე კედელი გაზომო, რამდენი კვადრატულია, მაგრამ ეს არის პენიტენციური დაწესებულება, შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში როგორ დათვლი თვითონ საწოლების განლაგებას, პირადი სივრცე რამდენი უნდა ჰქოდნეს პატიმარს, ამას ჰქვია მეთოდოლოგია. მე ვერც იმას დავადასტურებ, რომ მაშინ იყო შეცდომა და ვერც დღევანდელ განცხადებას დავადასტურებ, რომ არის სწორი. რატომ ჩათვალეს, რომ 10 წლის წინანდელ განცხადებას უნდა გადახედონ, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, მითუმეტეს, იმ პერიოდში, როდესაც მე გახლდით მინისტრი, ლაითურის დაწერსებულება საერთოდ არ მოქმედებდა. მითუმეტეს, როდესაც ელექტრონულ ეპოქაში გადავედით და მილიონი სხვადასხვა ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმებია უკვე დანერგილი, ამ პერიოდში იხელმძღვანელო მხოლოდ რაღაც ათაპაპის დროს დაწერილი პოსტულატებით, ჩემი აზრით, არასწორია,- განაცხადა კახიშვილმა.
- სპეციალური პენიტენციური სამსახურმა პენიტენციურ დაწესებულებაში საცხოვრებელი ფართობის სკანდალზე საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა, სადაც დაწერა, რომ "№15 პენიტენციურ დაწესებულებაში საცხოვრებელი ფართობის გაანგარიშების დროს დაშვებულ იქნა უზუსტობა".
- უწყება ხელს სასჯელაღსრულების ყოფლ მინისტრს კახი კახიშვილს ადებს და წერს, რომ "საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს ბრძანებაში 2016 წლის 15 აგვისტოს შეტანილი ცვლილებით, მსჯავრდებულთა განთავსების ლიმიტი განისაზღვრა არასწორად – 1388 მსჯავრდებულით, მიუხედავად იმისა, რომ, რეალურად, კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით, ამ დაწესებულებაში შესაძლებელი იყო 216-ით მეტი მსჯავრდებულის განთავსება".
შეგახსენებთ, პაატა სალიას 15 ივლისის ბრძანებით, ქსნის №15 პენიტენციური დაწესებულებაში მსჯავრდადებულთა განთავსების ლიმიტი გაიზარდა. ახალი ბრძანებით, ამიერიდან ციხეს უფლება აქვს 1604 პატიმარი მიიღოს. ახალი ლიმიტთ დაწესებულებაში 216-ით მეტი პატიმრის განთავსებაა შესაძლებელი.