ირაკლი ღარიბაშვილი ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ვერსიას საეჭოდ მიიჩნევს

01.09.26 20:19
ირაკლი ღარიბაშვილი ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ვერსიას საეჭოდ მიიჩნევს

ციხიდან გავრცელებულ რიგით მეხუთე წერილში ირაკლი ღარიბაშვილი საეჭვო თვითმკვლელობებზე საუბრობს - დაკავებული ექს-პრემიერი ასახელებს ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების ფაქტს და სვამს კითხვას „ასავალ-დასავალის“ იმ რესპონდენტის „გარდაცვალების რეალურ მიზეზზე“, რომელიც 2 თებერვალს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ირაკლი კობახიძეს დავით გარეჯის "გაყიდვაში" ღიად ადანაშაულებდა.

ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ 12 თებერვალს საკანში შეუტანეს დიტო ჩუბინიძის მიერ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც ირაკლი კობახიძე იყო გაკრიტიკებული და გადასცეს პრეტენზია, ხომ არ იდგა ის „ხსენებული სტატიის უკან“.

საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს, - აღნიშნულია ღარიბაშვილის წერილში.

12 თებერვალს, კობახიძისა და მდინარაძის დავალებით შემომიგზავნეს 2026 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ სტატია. აღნიშნულ სტატიაში ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე ინტერვიუს ართმევს ყოფილ უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძეს. სტატია ძირითადად კობახიძის კრიტიკას და მის მიმართ გამოთქმულ მძიმე ბრალდებებს ეძღვნებოდა.

გადმომცეს პრეტენზიული გზავნილი, რომელშიც გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი — ხომ არ ვიდექი მე ხსენებული სტატიის უკან. სხვა დეტალებს შეგნებულად არ ვწერ, თუმცა ძირითადი ბრალი და პრეტენზია სწორედ ის იყო, რომ მსგავსი კრიტიკული სტატიების უკან ჩემს კვალს ხედავდნენ.

ჩემი რეაქცია, რა თქმა უნდა, უკიდურესად ნეგატიური იყო და შევუთვალე, მსგავსი კითხვებითა და პრეტენზიებით ჩემთან მეორედ აღარ მოსულიყვნენ, რომ ასეთი შეკვეთილი სტატიები ჩემი ხელწერა არ არის და მათთვის არის დამახასიათებელი. მოგვიანებით ეს კრიტიკული ბრალდებები ხშირად მეორდებოდა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერშიც. ახლა უკვე ჩემთვის სურათი ნათელია და პასუხი ყველა საკითხზე არის გაცემული, თუ რატომ ჩამიწერეს წერილის პირველ პუნქტად, რომ „დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა მხარდამჭერებმა“ სერიოზული ეჭვები გააჩინეს და ძალიან დააზიანეს კობახიძე-მდინარაძის გუნდის ინტერესები.

მთელი ეს ისტორია, ალბათ, საჯაროდ მოსაყოლი არც იქნებოდა, სრულიად შემთხვევით რომ არ გამეგო, რომ დიტო ჩუბინიძის ხსენებული სტატიის რესპონდენტმა, სტატიის გამოქვეყნებიდან გარკვეული ხნის შემდეგ, თავი მოიკლა…

ასევე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი უფლებადამცველის, ლაზარე ჯორბენაძის, თვითმკვლელობასთან დაკავშირებით თავად გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ღიად სვამდა კითხვებს და ეჭვქვეშ აყენებდა მისი თვითმკვლელობის ვერსიას.

პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?

ამ კითხვას საჯაროდ ვსვამ, რადგან საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს…-წერს ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, ლაზარე ჯორბენაძე აპრილის თვეში გარდაცვლილი იპოვეს. უფლებადამცველი 2026 წლის 2 თებერვალს “ასავალ დასავალთან“ მიცემულ ინტერვიუში, ამტკიცებდა, რომ საკუთარი თვალით იხილა აზერბაიჯანთან გაფორმებული დოკუმენტი დავით გარეჯის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელზეც ირაკლი კიბახიძის ხელმოწერა იყო დასმული. 

მსგავსი სიახლეები