დიმიტრი სამხარაძე ღარიბაშვილს აკრიტიკებს და "ასავალ-დასავალს" საპირფარეშოს მაკულატურას უწოდებს

02.09.26 10:22
დიმიტრი სამხარაძე ღარიბაშვილს აკრიტიკებს და "ასავალ-დასავალს" საპირფარეშოს მაკულატურას უწოდებს

„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება და ყოფილ პრემიერს მწვავედ აკრიტიკებს. სამხარაძე ღარიბაშვილის განცხადებებს „ბინძურ კამპანიად“ და „ბოდვად“ მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მათი შინაარსობრივად განხილვას არ აპირებს.

მისი თქმით, ღარიბაშვილის შემთხვევა გუნდისთვის მაგალითია იმისა, თუ როგორ ასრულებს პოლიტიკურ კარიერას ადამიანი, რომელიც, მისივე შეფასებით, „გუნდურ ერთიანობასა და პრინციპებს ღალატობს“. 

მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მის მიერვე აღიარებული კორუფციული დანაშაულის შემდეგ საპატიმროდან "ქართული ოცნების" და პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის  მიმართ შეურაცხმყოფელი, ბინძური კამპანია დაიწყო - მე, როგორც პარტიის რეგიონალურ  მდივანს, საჯარო პოზიცია აქამდე არ დამიფიქსირებია. 
მაინტერესებდა და ველოდებოდი, რა გზას გაივლიდა თვითაღიარებული კრიმინალი, დეგრადაციის რა დონეს მიაღწევდა ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ, ერთ დროს ჩვენი გუნდის ლიდერი იყო და რომელმაც, ასევე სამწუხაროდ, ჯერ კორუფციაში გაისვარა ხელი, შემდეგ დანაშაული აღიარა და სასჯელს თავად დასთანხმდა. სამწუხაროდ - ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის - "ასავალ - დასავალის" დონეზე დაეშვა.. 
ცხადია, მე არ ვაპირებ ამ ადამიანის ბოდვების შინაარსობრივ განხილვას, რადგან არც ერთი მისი სიტყვა რაციონალურ მსჯელობას არ ექვემდებარება. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება. მე უბრალოდ მინდა ვუთხრა ჩვენი პოლიტიკური გუნდის დიდ ოჯახს  - ეს არის მორიგი გაკვეთილი, თუ რა მძიმედ, ამავე დროს რა ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი კარიერას, რომელიც უღალატებს ჩვენს იდეალებს, პირად მატერიალურ კეთილდღეობას გაცვლის სამშობლოზე, პრინციპებსა და გუნდურ ერთიანობაზე. 
დაბოლოს, "ქართული ოცნების" ერთგულ ჯარისკაცებს, ნამდვილებს მივმართავ - სამშობლოს დაბრუნებისთვის, აგენტურის მოშორებისთვის  და ქვეყნის გათავისუფლებისთვის ჩვენი უკომპრომისო ბრძოლა 2011 წელს დაიწყო ერისკაცის  ხელმძღვანელობით, მას შემდეგ ჩვენი თითოეული დღე არის ხალხის დიდი გამარჯვების შენარჩუნების, ამ ძვირფასი 
მონაპოვარის გაფრთხილების პროცესი, ხოლო ამ რთულ გზაზე ნანახი არაერთი ღალატის საპირწონეა ის ერთიანობა, რასაც ჩვენ, "ქართული ოცნების" ნამდვილი ჯარისკაცები ვაჩვენებთ ერთმანეთს და ამ მტკიცე ერთობით ვამაგრებთ ჩვენს სამშობლოს, - წერს სამხარაძე. 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახალ განცხადებას ავრცელებს. ის საკუთარ წერილში პირველად ახსენებს კობახიძეს, მდინარაძესთან ერთად და ამბობს რომ ეს ორი პოლიტიკური ფიგურა იყო თანამონაწილე და მათ პასუხი უნდა აგონ იმ ზიანისთვის, რაც ქვეყანას და ადამიანებს მიაყენეს.

ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ მის მიერ გასაჯაროებული წერილის ნამდვილობა და მასში მოყვანილი ფაქტები საზოგადოებისთვის უკვე ნათელია, ხოლო მდინარაძის მიერ დაშვებულმა „მძიმე შეცდომებმა“ მისი თანამდებობიდან და პოლიტიკიდან წასვლა გამოიწვია.