კალაძემ ღარიბაშვილს „კაცობა დაუწუნა“
თბილისის მერი კახა კალაძე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გავრცელებულ მორიგ წერილს გამოეხმაურა და ყოფილი პრემიერის განცხადებები „პოლიტიკურ სპეკულაციად“ შეაფასა. კალაძემ ღარიბაშვილის ქცევაზე საუბრისას განაცხადა, რომ ადამიანს ცხოვრებაში შეცდომა შეიძლება მოუვიდეს, თუმცა „ნებისმიერი განსაცდელი კაცურად და ადამიანურად უნდა მიიღოს“.
კალაძის თქმით, მისთვის განსაკუთრებით მიუღებელია ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებებით სპეკულირება. ამასთან, თბილისის მერი ღარიბაშვილის განცხადებებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და, მისი შეფასებით, „ქვეყნის მტრების“ პოზიციებს უკავშირებს.
„ძალიან რთულია და მიჭირს, არ მსიამოვნებს საუბარი, როდესაც ყოფილ თანაგუნდელს ეხება. ის არის ყოფილი თანაგუნდელი, რომელსაც აღიარებული აქვს ის ბრალი, რაც წაუყენეს და ამისთვის იხდის სასჯელს. შემდეგ გაკეთებული განცხადებები, რომელსაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ეს არის ჩემთვის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. იგივე კონკრეტული ფაქტი, რომელიც არის დადასტურებული სუიციდი, ამ ფაქტით სპეკულირება კატეგორიულად მიუღებელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ ნებისმიერი განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად და ადამიანურად.
ამ ტიპის განცხადებები, როდესაც ერთხმად ირაკლი ღარიბაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“ და ქვეყნის მტრები ერთად ლაპარაკობენ, ძალიან მძიმე სანახავია. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები, მეტი არაფერი.
ნებისმიერ ადამიანს შეუძლია სხვადასხვა რაღაცაზე ისაუბროს. მაგრამ ეს ვერ იქნება საფუძველი იმისა, რომ გამოძიება დაიწყოს. რაღაც ხომ უნდა არსებობდეს, ფაქტი, მტკიცებულება. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ყველაფერზე ისაუბროს, მითუმეტეს როცა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ. ბევრჯერ გვინახავს ამ ტიპის პოლიტიკური სპეკულაციები, ეს არ არის პირველი შემთხვევა, ყველაფერი ცხადი და ნათელია.
რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძის საქმეს, მგონი, ყველაფერი ცხადი და ნათელია. თორნიკეს ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო. მაგრამ წერილით რაც მისი მხრიდან იქნა დაწერილი, ყველაფერი ცხადი და ნათელია“,- განაცხადა კალაძემ.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს რიგით მეხუთე განცხადება გაავრცელა, რომელშიც პირველად ახსენა ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძესთან ერთად და ორივე ქვეყნისთვის, ადამიანებისა და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ ზიანში თანამონაწილედ დაასახელა. ღარიბაშვილი ასევე ეჭვქვეშ აყენებს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ვერსიას - კაცის, რომელიც „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ღარიბაშვილს დადებითად, კობახიძეს კი კრიტიკულად აფასებდა და მას დავით-გარეჯის "გაყიდვაში" ადანაშაულებდა.