მაჭავარიანი: ღარიბაშვილი ბოდავს
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებულ მორიგ განცხადებას „ბოდვასა“ და „ზღაპრებს“ უწოდებს. მაჭავარიანის შეფასებით, ყოფილი პრემიერი მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი პროცესის პოლიტიზებას ცდილობს და დანაშაულთან კავშირს უარყოფს, მიუხედავად იმისა, რომ, დეპუტატის თქმით, წარდგენილი ბრალი აღიარებული აქვს.
მაჭავარიანი განსაკუთრებით მწვავედ გამოეხმაურა ღარიბაშვილის ბოლო წერილს და განაცხადა, რომ მისი ავტორი რომ არ სცოდნოდა, ტექსტს „სააკაშვილის ან ელისო კილაძის დაწერილად“ მიიჩნევდა.
ძალიან სამწუხაროა ყოფილი პრემიერისგან სამართლებრივი საკითხის პოლიტიზება. პირდაპირ ეთერში ვხევდით კადრებს რამდენიმე მილიონი ამოიღეს მისი სახლიდან, ოქროს ზოდები - აღიარებული აქვს ეს ყველაფერი. შემდეგ, რაღაც გაუგებარ წერილებში ამბობს, რომ თურმე არაფერში დამნაშავე არ ყოფილა, გუშინაც, რაღაც, სამწუხაროდ, მორიგი ბოდვა ვიხილეთ. ამ ზღაპრების, რა თქმა უნდა, არავის არ სჯერა. [...]
რომ არ ვიცოდეთ, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, რომ სააკაშვილის ან ელისო კილაძის დაწერილი იყო, ისეთი დაბალი დონის საქციელია, - ამბობს მაჭავარიანი.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 სექტემბერს რიგით მეხუთე განცხადება გაავრცელა, რომელშიც პირველად ახსენა ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძესთან ერთად და ორივე ქვეყნისთვის, ადამიანებისა და „ქართული ოცნებისთვის“ მიყენებულ ზიანში თანამონაწილედ დაასახელა. ღარიბაშვილი ასევე ეჭვქვეშ აყენებს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ვერსიას - კაცის, რომელიც „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ღარიბაშვილს დადებითად, კობახიძეს კი კრიტიკულად აფასებდა და მას დავით-გარეჯის "გაყიდვაში" ადანაშაულებდა.