„დღეს მთელი საქართველო ჭირისუფალია“ - სალომე ზურაბიშვილი დაურ ბუავაზე
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა. ზურაბიშვილის განცხადებით, ბუავა იმ აფხაზეთისა და საქართველოს „წარმომადგენელი და სიმბოლო“ იყო, რომლებსაც ერთიანი მომავალი აქვთ. მისი თქმით, ახალგაზრდა ბლოგერის გარდაცვალებას დღეს მთელი საქართველო უნდა გლოვობდეს, რადგან სწორედ ასეთი ახალგაზრდები სჭირდება ქვეყანას საერთო მომავლის ასაშენებლად.
იყო წარმომადგენელი და სიმბოლო სწორედ იმ აფხაზეთის და იმ საქართველოსი, რომლებსაც აქვს ერთიანი მომავალი. და ამით იყო ძალიან დიდი, თუნდაც ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ უკვე სრულიად ჩამოყალიბებული თავისი მომავლის მოსაზრებით. დღეს მთელი საქართველო არის ჭირისუფალი და უნდა იყოს ჭირისუფალი, იმიტომ, რომ ასეთი ახალგაზრდები გინდაც აფხაზეთის მხრიდან, საქართველოს მხრიდან ძალიან გვჭირდება იმისთვის, რომ ავაშენოთ ხვალინდელი მომავალი, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
თბილისში აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. ადგილზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. გამოძიების ვერსიით, ბუავამ და მისმა მეგობარმა ვალერია კირლიუკმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე შეუძლოდ გახდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ქალმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა ბინაში დატოვა, კარი გარედან ჩაკეტა და წავიდა.