ეკა ბესელია ასახელებს კითხვებს, რომელიც დაურ ბუავას საქმის ირგვლივ აქვს
ეკა ბესელია დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეში არაერთ საეჭვო გარემოებაზე საუბრობს და გამოძიების მიერ საქმისთვის მინიჭებულ სამართლებრივ კვალიფიკაციასაც ეჭვქვეშ აყენებს. იურისტის თქმით, პასუხგასაცემია კითხვები, რა ნივთიერება მიიტანეს ბუავასთან, რატომ აღმოჩნდა ის ბინაში და რა მოტივი ჰქონდა ადამიანს, რომელმაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდას კარი გარედან ჩაუკეტა.
ჩვენი ამოცანაა, რომ ის, რაც სინამდვილეში მოხდა, რეალურად გაიგოს საზოგადოებამ და არა ის სხვადასხვა თავსმოხვეული ვერსიები, რომელიც, მგონია, რომ ჩრდილს აყენებს ამ არაჩვეულებრივ და უნიკალურ ახალგაზრდას. რა მიიტანა, რატომ მიიტანა, ვინ არის ის ადამიანი, რომელმაც მას კარი ჩაუკეტა, რომელიც არ არის განსაცდელში მიტოვება და არც ამ კვალიფიკაციას ვეთანხმები სამართლებრივად, იმიტომ, რომ განსაცდელში მიტოვება უმოქმედობაა და უმოქმედობა არ არის, კარს რომ ჩაკეტავ - მოქმედებაა და ამაში განზრახვა ჩანს და ამიტომ ბევრი რამ არის ძალიან საეჭვო და ბურუსით მოცული, - ამბობს ეკა ბესელია.
თბილისში აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. ადგილზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. გამოძიების ვერსიით, ბუავამ და მისმა მეგობარმა ვალერია კირლიუკმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე შეუძლოდ გახდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ქალმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა ბინაში დატოვა, კარი გარედან ჩაკეტა და წავიდა.