შალვა ნათელაშვილი ეჭვობს, რომ დაურ ბუავა რუსული სპეცსამსახურების მიერ არის მოკლული
შალვა ნათელაშვილი არ გამორიცხავს, რომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას გარდაცვალება პოლიტიკურ მოტივს უკავშირდებოდეს და საქმეში რუსეთის სპეცსამსახურების შესაძლო კვალზე საუბრობს. მისი შეფასებით, ბუავას საქმიანობა, რომელიც ქართულ-აფხაზური ურთიერთობებისა და კავშირების აღდგენას ემსახურებოდა, შესაძლოა რუსეთის სპეცსამსახურების ყურადღების ქვეშ ყოფილიყო.
რა თქმა უნდა, დაურის საქმიანობა, ეს იყო გადამდები. გადამდები მთლიანად იმ ხალხისთვის, რომელიც ჩვენი მოქალაქეა, ჩვენია და რომლებიც, პრაქტიკულად, არიან ტყვედ, მძევლად აყვანილები რუსული იმპერიის მიერ. რუსული სპეცსამსახურები კურირებენ ყველას და ყველაფერს და ბუნებრივია, დაურის საქმიანობა იყო მათი ყურადღების ქვეშ, რათა არ გამხდარიყო მისი საქმიანობა გადამდები ქართულ-აფხაზური ხიდების აღდგენისა. სავსებით დასაშვებია, რომ საქმე გვაქვს ტერორისტულ აქტთან პოლიტიკური მოტივაციით, - ამბობს შალვა ნათელაშვილი.
თბილისში აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას სამოქალაქო პანაშვიდი იმართება. ადგილზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი და ასევე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. გამოძიების ვერსიით, ბუავამ და მისმა მეგობარმა ვალერია კირლიუკმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე შეუძლოდ გახდა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ქალმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა ბინაში დატოვა, კარი გარედან ჩაკეტა და წავიდა.