საჯარო რეესტრმა "ჯერ საქართველოს" პარტიად რეგისტრაციის განცხადება "განუხილველად დატოვა"
საჯარო რეესტრმა "ჯერ საქართველოს" პარტიად რეგისტრაციის განცხადება ჯერ დაახარვეზა, შემდეგ კი "განუხილველად დატოვა". ამის შესახებ ინფორმაციას "პუბლიკა" ავრცელებს.
ცნობისთვის, „ჯერ საქართველომ” პარტიის სადამფუძნებლო ყრილობა 28 ივნისს გამართა, ხოლო რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2 ივლისს მიმართეს, წარადგინეს შესაბამისი დოკუმენტებიც.
"პუბლიკა" წერს, რომ 31 ივლისს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გამოსცა გადაწყვეტილება, სადაც წერენ, რომ "სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა რეგისტრაციის პირობებს".
ვიქტორ ყიფიანმა რეესტრს დამატებითი დოკუმენტები 3 და 7 აგვისტოს წარუდგინა. 17 აგვისტოს კი რეესტრმა მიიღო გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
"პუბლიკას" ინფორმაციით, სააგენტო წერს, რომ დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციით, სრულად არ აღმოიფხვრა მათ მიერ გამოვლენილი ხარვეზები.
"ჯერ საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ზურა შარაშენიძემ "პუბლიკასთან" განაცხადა, რომ რეესტრის ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.
გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის „ჯერ საქართველოს” 30 დღე აქვს – ჯერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მხოლოდ შემდგომ სასამართლოს წესით.