"ვინც საკუთარ ჯარს პარავს, ის არც ოკუპანტთან და სეპარატისტებთან ფინანსურ გარიგებებს მოერიდება" - ბესო შენგელია
"ვინც საკუთარ ჯარს პარავს, ის არც ოკუპანტთან და სეპარატისტებთან ფინანსურ გარიგებებს მოერიდება" - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბესო შენგელიამ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს, გიორგი ჯინჭარაძეს ძველი საწვავის ავზი (რუსული კანისტრა) მიუტანეს, რაც ოკუპანტთან იმ უღირსი და კორუფციული თანამშრომლობის სიმბოლოა, რომელსაც "მათი დუმილით ხელს აფარებენ".
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი მოითხოვს, დაუყოვნებლივ დააფიქსიროს გიორგი ჯინჭარაძემ მისი პოზიცია და მოითხოვოს, "მოღალატეობრივი ფაქტის აღკვეთა".
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს: დღეს მოვედით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ოფისთან, რადგან გვაქვს ერთი პირდაპირი და პრინციპული კითხვა: რატომ დუმს ეს უწყება და მისი თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, როდესაც საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ტონობით უკანონო საწვავი შედის?
ეს არ არის უბრალოდ კონტრაბანდა - ეს არის სეპარატისტებთან და რუს ოკუპანტებთან პირდაპირი, დანაშაულებრივი თანამშრომლობა! საწვავი, რომელიც აქედან შედის, პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო რეჟიმს. იმ რესურსს, რომელსაც მათ აწვდით, ხვალ ისევ ქართველების, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებენ!
ამ ღალატობრივ სქემაში ჩართულები არიან რუსული "როსნეფტი", სეპარატისტული "აფხაზტოპი", კრემლთან დაახლოებული ქართველების მტრები - სეპარატისტი ოსგანები და არძინბას ოჯახი, ასევე "ქართული ოცნების" რეჟიმის მაღალჩინოსნები, მათი ოჯახის წევრები და ნათესავები.
როდესაც ვხედავთ, რომ ამ რეჟიმის ყოფილი მაღალჩინოსნები - ყოფილი პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი - საკუთარ ჯარსა და ჯარისკაცებს პარავდნენ ფულს, რის გამოც ყოფილ პრემიერს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება, ჩვენ უკვე აღარაფერი გვიკვირს!
ვინც საკუთარ ჯარს პარავს, ის არც ოკუპანტთან და სეპარატისტებთან ფინანსურ გარიგებებს მოერიდება. მაგრამ იცოდეთ: სანამ ასეულობით და ათასობით დევნილი თავად არ დადგება ამ შენობასთან და არ მოგიწყობთ პოლიტიკურ ჯოჯოხეთს, მანამდე მოეგეთ გონს!
დღეს, სიმბოლურად, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს გიორგი ჯინჭარაძეს მოვუტანეთ ეს ძველი საწვავის ავზი (რუსული კანისტრა).
ეს არის ოკუპანტთან იმ უღირსი და კორუფციული თანამშრომლობის სიმბოლო, რომელსაც თქვენ დუმილით აფარებთ ხელს. ეს საწვავის ავზი (რუსული კანისტრა) გადმოგეცემათ საჩუქრად, რათა იცოდეთ: ბენზინში სამშობლო არ იცვლება, ოკუპანტებისგან მიღებულ ფულზე საქართველო არ იყიდება და ღალატით ქვეყანა ვერ გამთლიანდება!
დაუყოვნებლივ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია, მოითხოვეთ ამ დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი ფაქტის აღკვეთა!" - განაცხადა ბესო შენგელიამ.