ნათელაშვილი: ბიძინ-მაჰმად ხანმა წინაპრების სისხლით მორწყული მიწა არაბულ კომპანიას მიჰყიდა - გეყო ქართველი ხალხის წამება
"ლეიბორისტული პარტია" არაბული ქალაქის მშენებლობას აპროტესტებს - შალვა ნათელაშვილმა ამჟამად ბრიფინგი კრწანისის ველზე გამართა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დღეს ივანიშვილი "ბიძინ-მაჰმად ხანად" მოიხსენია და ის აღა-მაჰმად ხანის ურდოებეს შეადარა.
ნათელაშვილის თქმით, სწორედ ივანიშვილმა გაასხვისა წინაპრების სისხლით მორწყული მიწა არაბულ კომპანიაზე.
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი "ოცნების" დამფუძნებელს მოუწოდებს, უარი თქვას არაბულ პროექტზე და შეწყვიტოს ქართული მიწის გასხვისება.
აი აქ კრწანისის ველზე, აღა-მაჰმად ხანის ურდოებთან დაღუპული 300 არაგველი ვერასოდეს ვერ წამოიდგენდა, რომ მათი გმირული დაცემის შემდგომ 200 წლის თავზე საქართველოში გამოჩნდებოდა ბიძინ-მაჰმად ხანი, რომელიც მათი სისხლით მორწყულ მიწას მიჰყიდიდა არაბულ კომპანიას და აი აქ ამ წალკოტში დაიწყებდა არაბული ქალაქის მშენებლობას 8 მილიონ კვადრატულ მეტრზე, ხოლო 2 მილიონ კვადრატულ მეტრს მიიღებდა გონიოში.
ჩვენს ხელშია მოღალატეობრივი დოკუმენტი ივანიშვილის ერის მტრის შემოქმედება, რომლის თანახმადაც აი ეს სივრცე, თუ არ ვიბრძოლეთ, თუ არ გამოვიჩინეთ ფხა, არ გამოვედით გარეთ, სამუდამოდ გავა საქართველოს იურისდიქციიდან განუსაზღვრელი ისტორიული და დემოგრაფიული შედეგებით.
მოვუწოდებ ოლიგარქ ივანიშვილს, გეყო ქართველი ხალხის წამება, შენი ხელით დახიე შენი მილიარდების საშოვნელად შედგენილი ეს მოღალატეობრივი დოკუმენტი, თუ გინდა კიდევ გადარჩეს შენი ხსენება აი ამ მიწაზე, თუმცა ვიმეორებ, ძალიან ცუდი პერსპექტივით გემუქრება მოგონებები, თუ მოგონებების ღირსად ჩაგთვალა ერმა.
მე მოვუწოდებ არაბულ კომპანიებს, მოვუწოდებ არაბულ პოლიტიკურ ლიდერებს, უპირველესად ემირატების პრეზიდენტს, ხელი აიღეთ საქართველოს ხალიფიზაციაზე", - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.