ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
თელავის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი და ,,ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ზვიადაური, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს, კიდევ ერთი დაკავებული, ჯაბა ჯანგირაშვილი, კი 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
ზურაბ ზვიადაური 17 ივლისს დააკავეს. ზვიადაურს 27 წლის ნიკა კენჭოშვილის მკვლელობას ედავებიან. მასთან ერთად დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილს კი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის გაასამართლებენ.
გამოძიების ინფორმაციით, წინანდლის ტყეში მომხდარი სისხლიანი გარჩევისას, სადაც სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური, ყოფილმა სპორტსმენმა სასიკვდილოდ დაჭრა ნიკა კენჭოშვილი.