საქართველოს ელჩი ბელარუსის სანქცირებულ გენპროკურორს შეხვდა
საქართველოს ელჩი ბელარუსში, გიორგი საგანელიძე, ბელარუსის გენერალურ პროკურორს დმიტრი გორას შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ბელარუსის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა, საქართველოს საელჩოს კი შეხვედრის შესახებ საჯარო ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.
ბელარუსული მხარის ინფორმაციით, შეხვედრაზე სისხლის სამართლის სფეროში საქართველოსა და ბელარუსის თანამშრომლობა განიხილეს. საუბარი შეეხო სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთსამართლებრივ დახმარებას, სისხლის სამართლებრივი დევნის მიზნით საქმეების გადაცემასა და დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირების ექსტრადიციას. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნაც გამოთქვეს.
დმიტრი გორა დასავლეთის არაერთი ქვეყნის სანქციების ქვეშ იმყოფება. ევროკავშირის სანქციების დასაბუთებაში წერია, რომ ის პასუხისმგებელია მშვიდობიანი დემონსტრანტების, ოპოზიციის წევრების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. ევროკავშირი მას ასევე უკავშირებს სამართალდამცავების მხრიდან ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ საჩივრებზე რეაგირების არქონას.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, გორა ევროკავშირის გარდა აშშ-ის, კანადის, შვეიცარიის, იაპონიისა და უკრაინის სანქციების ქვეშაცაა. მას ასევე ადანაშაულებენ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის მხარდაჭერაში.
აღსანიშნავია, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლისა და გორას პირველი შეხვედრა არ არის: 2025 წლის სექტემბერში ჩინეთში მას მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე შეხვდა. მაშინაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.